ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პოლონეთში ქართული ღვინის ონლაინ დეგუსტაცია გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „მალინოვა” ორგანიზებით გამართულ დეგუსტაციაზე იმ ქართული კომპანიების ღვინოები იყო წარდგენილი, რომლებიც დღეისათვის პოლონეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტს არ ახორციელებენ, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართული ღვინის წარდგენას გამომცემლობის „ვინისფერა” ხელმძღვანელი, მარიუს კაპჩინსკი კრაკოვიდან უძღვებოდა. დეგუსტაციაში ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდნენ იმპორტიორები პოლონეთიდან, რომელთაც 25 ქართული კომპანიის ღვინის ნიმუშები წინასწარ გაეგზავნათ. აღნიშნული ღვინოები მათ დეგუსტაციის მიმდინარეობისას დააგემოვნეს და შეაფასეს. მსგავსი ღონისძიებების მიზანია, ხელი შეუწყოს პოლონეთის ღვინის ბაზარზე ახალი მწარმოებლების დამკვიდრებას. პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2020 წელს საქართველოდან პოლონეთში ექსპორტს 60-მდე კომპანია ახორციელებდა; ექსპორტირებული იყო 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი ქართული ღვინო (ზრდა 30%). პოლონეთმა 60 ექსპორტიორ ქვეყანას შორის მე-3 ადგილი დაიკავა. მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა 1,8 მლნ-ზე მეტ ბოთლს შეადგენს (ზრდა 2%).
ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შენარჩუნებისთვის, ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, 2021 წელს, აქტიური მარკეტინგული კამპანია გაგრძელდება. კამპანიას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „მალინოვა” („Malinova spólka z ograniczoną odpowiedzialnością S.K”) განახორციელებს. სააგენტო აღნიშნულ კომპანიასთან 2016 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.