გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები სოფლის ცენტრალურ გზაზე,- ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ტექნიკით მოხდა გზის სავალი ნაწილის ნაშალისგან გათავისუფლება, რათა ავტომანქანებს გადაადგილების პრობლემა არ შექმნოდათ და ამის შემდეგ ქვა – ღორღის გატანა დაიწყო. „ოპერატიულად დაიწყო კოორდინირებული მუშაობა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ უმოკლეს პერიოდში გაგვეთავისუფლებინდა გზის სავალი ნაწილი და ავტომანქანების მოძრაობა აღდგენილიყო. მთავარია, რომ მოვარდნილი ღვარცოფისა და ჩამოშლილი ქვა – ღორღის შედეგად არავინ დაშავებულა. სამუშაოები ამ დროისთვისაც გრძელდება და ბოლომდე მოხდება გზის გაწმენდა.“ – აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს ხელმძღვანელობდა.
ატენის თემში უხვმა ნალექმა დღის პირველ ნახევარში პრობლემები შექმნა და შეიზღუდა ავტომანქანების გადაადგილება. ძლიერმა წვიმამ მთიდან ქვა – ღორღი ჩამოიტანა და სოფლის ცენტრალურ გზაზე რამდენიმე ადგილას ჩახერგა. ამ დრომდე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება, გაწმენდით სამუშაოებში მაქსიმალურად არიან ჩართული გორის მერიისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.