„მოპედის მძღოლი არაერთი საგზაო შემთხვევის მაპროვოცირებელი და უშუალო მონაწილეა, ამ მიმართულებით რეგულაციები აუცილებელია“ – მევლუდ მელაძე

მოპედის მძღოლებს მართვის მოწმობის ასაღებად თეორიული ნაწილი ექნებათ ჩასაბარებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მინიმუმ ეცოდინებათ, რას ნიშნავს წითელი, რას ნიშნავს მწვანე, ექნებათ პასუხისმგებლობა და აღმოიფხვრება ის რისკები, რაც დღესაა, – ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხების ექსპერტმა, „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ ვიცეპრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მელაძე მოპედებით გადაადგილების რეგულირების საკითხსა და ამ მიმართულებით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა.

„სკუტერებითა და მოპედებით გადაადგილების რეგულირება ცოტა დაგვიანებულიც კი არის. წლების წინ, როდესაც ქვეყანაში სკუტერების შემოდინება აქტიურად დაიწყო, საკურიერო მომსახურებისთვის გახდა პოპულარული, მაშინვე ვთქვით, რომ, როგორც მინიმუმ, ამ სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნებით აღჭურვაა საჭირო. მინიმუმ ვიცოდეთ, ვისია, საპატრულო ეკიპაჟებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ მათი იდენტიფიცირება მოახდინონ. მეორე საკითხი ძრავებს შეეხებოდა, დაბალი და მაღალი კუბატურის განსხვავება რომ ყოფილიყო, მაღალ კუბატურას სჭირდებოდა მართვის მოწმობა, დაბალს კი – არა. ესეც არასწორი იყო. მართვის მოწმობის გარეშე ქუჩებში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ იმიტომ, რომ მძღოლს, ვისაც დაბალი კუბატურით აღჭურვილი სკუტერი ჰყავს, არავითარი პასუხისმგებლობა არ აქვს, თავს უფლებას აძლევს, არასწორი მიმართულებითაც იაროს. ანუ სკუტერები შემხვედრზეც ძალიან ხშირად გვხდებიან. დღეს ეს ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს, სკუტერის მძღოლი არაერთი საგზაო შემთხვევის მაპროვოცირებელი და უშუალო მონაწილეა. ვფიქრობ, დაგეგმილი ცვლილებები გაბედული ნაბიჯია. დღეს ცოტა მტკივნეულიცაა ამ თემის წამოწევა, რადგან ვიცით, რომ სკუტერების მძღოლების დიდი რაოდენობა მართვის მოწმობას არ ფლობს.
რეგულირების შემოღება აუცილებელია, თუ ახლაც არ მივიღეთ ეს კანონი, მართვის მოწმობებითა და სანომრე ნიშნებით არ აღვჭურვეთ სკუტერები, მომავლში კიდევ უფრო მეტი საფრთხე იქნება“, – განაცხადა მელაძემ.

მისივე თქმით, მოპედების ტარებისთვის M კატეგორიის მართვის მოწმობა იქნება საჭირო.

„50 კუბურ სანტიმეტრამდე მოცულობის ძრავის მქონე მოპედებს მართვის მოწმობა არ სჭირდებოდა. ახალი კანონპროექტით უკვე M კატეგორიის მართვის მოწმობა დასჭირდებათ. ასაკობრივი შეზღუდვაც იქნება. ეს აქამდე არ არსებობდა. ნებისმიერს შეეძლო, ემართა, მათ შორის 12-13 წლის ბავშვებსაც. ისინი ძალიან დიდი საფრთხეს წარმოადგენენ. რაც  უნდა კარგად ფლობდე სკუტერს, ამ ასაკში სიტუაციას თავიდან ბოლომდე ვერ აკონტროლებ. M კატეგორიის მართვის მოწმობის აღება 16 წლიდან იქნება შესაძლებელი.
თუ ადამიანი ფლობს B კატეგორიის მართვის მოწმობას, ანუ ავტომობილის მართვა შეუძლია, ავტომატურად მოიაზრება, რომ 50 კუბურ სანტიმეტრამდე მოცულობის ძრავის მქონე მოპედის მართვაც შეუძლია და დამატებით M კატეგორიის მართვის მოწმობა არ სჭირდება. მაგრამ თუ მართვის მოწმობა საერთოდ არ ჰქონდა, მაშინ მინიმუმ რაც სჭრიდება, ეს M კატეგორიის მართვის მოწმობაა.
M კატეგორიის მართვის მოწმობაზე მძღოლებს თეორიული ნაწილი ექნებათ ჩასაბარებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ მოპედის მძღოლებს მინიმუმ ეცოდინებათ რას ნიშნავს წითელი, რას ნიშნავს მწვანე, ექნებათ პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ შემხვედრზე არ შევიდნენ და აღმოიფხვრება ის რისკები, რაც დღესაა“, – განაცხადა მევლუდ მელაძემ.

ცნობისთვის, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. ამის შესახებ გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა.

„ამაზე ვმუშაობთ. გეთანხმებით, რომ მძიმე და მტკივნეული თემაა ქალაქში მოპედებით გადაადგილება. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ხდება მათი გადაადგილების კონტროლი ვიდეოკამერებით, ვერ ვაჯარიმებთ, აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და, სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მალე მოხდება მოპედების დარეგისტრირება და, აქედან გამომდინარე, მათაც ექნებათ მართვის მოწმობები ასაღები“, – განაცხადა გომელაურმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები