ნათია თურნავა: ის ორგანიზაციები, კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა ვაქცინირებული იქნება, ჩაითვლება ე.წ. კოვიდუსაფრთხო ობიექტებად

ის ორგანიზაციები, კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა ვაქცინირებული იქნება, ჩაითვლება ე.წ. კოვიდუსაფრთხო ობიექტებად, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ტურისტულ ინდუსტრიაში დასაქმებული პერსონალის ვაქცინაციის პროცესში ჩართვით აღნიშნული სექტორი სწრაფად აღდგება.

„დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე. პრემიერ-მინისტრის დავალებით გადავწყვიტეთ, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის კონტექსტში, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ტურისტული სექტორი. ეს შესაძლებელია სწრაფი ვაქცინაციით. აქედან გამომდინარე, ჩვენ და ტურიზმის ადმინისტრაცია ვიმუშავებთ სხვადასხვა ტურისტულ ასოციაციასთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად შედგეს რესტორნების, სასტუმროების, ტუროპერატორი კომპანიების თანამშრომლების სიები და მოხდება მათი ნებაყოფლობითი ორგანიზებული ვაქცინაცია.

შედეგად, ის ორგანიზაციები, კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა ვაქცინირებული იქნება, ჩაითვლება ე.წ. კოვიდუსაფრთხო სასტუმროებად, კოვიდუსაფრთხო რესტორნებად, კოვიდუსაფრთხო კომპანიებად და ჩვენ, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ყველა ჩვენ ხელთ არსებული მარკეტინგული შესაძლებლობით გავუწევთ მათ „პრომოუშენს“. მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ საქართველოში ესა თუ ის რესტორანი, ესა თუ ის სასტუმრო არის კოვიდუსაფრთხო. ეს ძალიან დაგვეხმარება, რომ სწრაფად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია“, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები