საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დღეიდან იწყება
საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი დღეიდან დაიწყება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით, ხოლო 5 მაისიდან დაემატება კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება.
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, „სინოფარმით“ ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს. ვაქცინაციისთვის საჭიროა სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირება და ვიზიტის დაჯავშნა. ამასთან, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, რეგისტრაციისთვის დარეკონ ნომერზე – 15 22.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 27 აპრილიდან სულ დარეგისტრირდა 17 613 მოქალაქე.
„სინოფარმის“ ვაქცინა 45-მდე ქვეყანაშია აღიარებული და გამოიყენება. ჩინეთსა და ჩინეთს გარეთ 200 მილიონზე მეტი დოზა აქვთ გაცემული“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
მათივე ცნობით, დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის („ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“, „სინოფარმი“) ადმინისტრირება მიმდინარეობს 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით.