თეა წულუკიანი: ნონა გაფრინდაშვილმა ახალ სიმაღლეზე აიყვანა მსოფლიოში ქალთა ჭადრაკი, უდიდესი პატივისცემით ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს.
„ქართული სპორტი მდიდარია წარმატებული და ტიტულოვანი ადამიანებით, რომლებმაც საერთაშორისო სარბიელზე საქართველოს შთამბეჭდავი გამარჯვებები მოუპოვეს.
განსაკუთრებით გვეამაყება იმ სპორტსმენების გამარჯვებები, რომლებმაც, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მსოფლიოს მასშტაბით მთელი ეპოქა შექმნეს.
სწორედ ასეთია ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი და საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული, საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა და კაცთა შორის, საჭადრაკო „ოსკარის“ პირველი მფლობელი, „ევროპის ოქროს პაიკის“ ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი და არაერთი ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული მოჭადრაკე, რომელიც ბრწყინვალე გამარჯვებებითა და დაუვიწყარი კარიერით ოქროს ასოებით ჩაეწერა მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში.
ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა, ქართული ჭადრაკის კიდევ ერთ ლეგენდასთან, მაია ჩიბურდანიძესთან ერთად, ახალ სიმაღლეზე აიყვანა მსოფლიოში ქალთა ჭადრაკი და ერთგვარი საჭადრაკო რევოლუციით ვაჟთა ჭადრაკს გაუთანაბრა.
უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილეს და ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ!“, – წერს წულუკიანი.