ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა საზღვრიდან ჯარი გაიყვანეს

ბიშკეკმა და დუშანბემ საზღვრიდან სამხედრო ნაწილების გაყვანის პროცესი დაასრულეს.

ამის შესახებ ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურებში განაცხადეს.

როგორც ყირგიზეთის ძალოვანი უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა დაასრულეს დამატებითი ძალებისა და საშუალებების გაყვანა სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან მათი ტერიტორიების სიღრმეში.

სასაზღვრო დეპარტამენტის ცნობით, გრძელდება ერთობლივი კომისიის მუშაობა. მასში ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შედიან, რომელიც აგრძელებს იმ ტერიტორიის შემოწმებას, რომელზეც ადრე სამხედრო ნაწილები და სამხედრო ტექნიკა იყო განთავსებული.

ტაჯიკეთის ძალოვანი უწყების განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე ვითარება მშვიდია, ტექნიკა გაყვანილია დისლოკაციის ადგილზე.

ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე ვითარება 29 აპრილს, გამთენიისას გამწვავდა. მანამდე, ერთი დღით ადრე ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ ტაჯიკეთი ელექტროგადამცემ ბოძებზე სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟებას ცდილობდა, რასაც ყირგიზეთის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. დაპირისპირება მხარეებს შორის ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

ღამით კი კონფლიქტი გამწვავდა და ტაჯიკეთის მოსახლეობის მხრიდან ცეცხლის გახსნის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ოთხი ყირგიზელი დაიჭრა. ყირგიზეთმა ადგილზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია დაიწყო.

ტაჯიკური მხარე კონფლიქტის გაღვივებაში ბრალს ყირგიზეთს სდებს და აცხადებს, რომ დაპირისპირების შედეგად ტაჯიკეთის შვიდი მოქალაქე დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები