ზუგდიდში, ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამა ევროკავშირმა 18 227 ლარით დააფინანსა
პროექტი – “ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი” ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უკვე 4 წელია არსებობს. ამ სერვისის დანერგვისთვის, ჯამში 23 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, აქედან, 18 227 ლარი ევროკავშირმა გამოყო, – ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (People In Need) პროექტის ფარგლებში, მუნიციპალური ბიუჯეტი კი 5 700 ლარს შეადგენდა.
როგორც “კვირას” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ყოველწლიურად აღნიშნული პროექტის ფარგლებში დამატებით, 35 000 ლარი იხარჯება.
„ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ დაკომპლექტებულია ექიმით, მომვლელითა და მძღოლით, რომლებიც გადაადგილდებიან სპეციალურად ადაპტირებული/აღჭურვილი მიკროავტობუსით, რომელშიც დამონტაჟებულია სარეცხი მანქანა, წყლის ავზი ტუმბოებით, სათავსოები, სათიბი, სახერხი აპარატებითა და სხვადასხვა ხელსაწყოებით. მობილური ჯგუფი აღნიშნული მიკროავტობუსით მიდის ხანდაზმულთან საცხოვრებელ სახლში. ექიმი ამოწმებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას,(წნევის, შაქრის გაზომვა, საჭირო პირველადი მედიკამენტების დატოვება) , – საჭიროების შემთხვევაში უკავშირდებიან ოჯახის ექიმს. მომვლელი ზრუნავს, როგორც მის პირად ჰიგიენასა და სალონურ მომსახურებაზე (მანიკური-პედიკური, თმის შეღებვა), ასევე, საცხოვრებელი გარემოს მოწესრიგებაზე (ფანჯრების, იატაკის, ავეჯის დალაგება -დასუფთავება). ძალისმიერი სამუშაოებს კი, როგორიცაა მოთიბვა, შეშის დახერხვა/დაჩეხვა მძღოლი ითავსებს.
ამჟამად აღნიშნული სერვისით 112 ადამიანი სარგებლობს. ბენეფიციარები არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა ან მარტომცხოვრები ხანდაზმულები.