გიორგი ვაშაძე: მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით ვეტოს უფლება გამოიყენოს
“მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით ვეტოს უფლება გამოიყენოს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ „ქართულ ოცნებას“ ეგონა, რომ თავს აარიდებდა ფართო ოპოზიციურ დისკუსიას პარლამენტში, ეს არ გამოუვა.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ამასთან დაკავშირებით ყველასთვის ცნობილია. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, ამ კანონთან დაკავშირებით გამოიყენოს ვეტოს უფლება, რადგან ეს არის ანტიდემოკრატიული კანონი. ჩვენ როგორც კი შევალთ პარლამენტში სრულფასოვნად, დაუყოვნებლივ შევიტანთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც მოვითხოვთ ამ ცვლილებების გაუქმებას. თუ ეგონა „ქართულ ოცნებას“, რომ თავს აარიდებდა ფართო ოპოზიციურ დისკუსიას პარლამენტში, ეს არ გამოუვა. ჩვენი საკანონდებლო ინიციატივის შედეგად, მათ ვალდებულება ექნებათ, მოვიდნენ პარლამენტში და დაგვისაბუთონ, რატომ მიიღეს ასეთი ანტიდემოკრატიული კანონი. ყველანაირად შევეცდებით, ვაიძულოთ, ხმა მისცენ ხელახლა ამ კანონს და უკან დაბრუნდეს ის ცვლილებები, რაც იყო“, – განაცხადა ვაშაძემ.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო.