UNICRI-ის კვლევის მიხედვით საქართველოს ბრძოლა კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ დადებითად შეფასდა

გაერო-ს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტის (UNICRI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც საქართველოში უკანონო ფინანსურ ნაკადებს ეხება, საუბარია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, UNICRI-ის კვლევაში ხაზგასმულია, რომ საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ პროგრესს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულს ადასტურებს მსოფლიო ბანკის მსოფლიო მმართველობის ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც, კორუფციის კონტროლის მხრივ, საქართველო მიეკუთვნება ევროპაში საუკეთესო ქვეყნების რიგს. ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხითაც, არა მხოლოდ საკანონმდებლო რეფორმების განხორციელების, არამედ სისტემურ დონეზე, რამაც ხელი შეუწყო საჯარო მოხელეებზე, სამართალდამცავებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე კრიმინალური ქსელის გავლენის თავიდან აცილებას. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ არსებობს ამ სფეროში ეფექტურობის გაძლიერების საჭიროება. UNICRI ასევე აღნიშნავს, ანგარიშის მომზადებისას საქართველოს პროკურატურის დადებით როლს გამოცდილების გაზიარებისა და სასარგებლო უკუკავშირის მიღების კუთხით.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულისა და უკანონო ფინანსური ნაკადებთან ბრძოლის თვალსაზრისით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და აჩვენა თავისი ერთგულება რეფორმებისადმი. საქართველოს პროკურატურისთვის კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
პროკურატურა ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს და UNICRI-ის კვლევაში ასახულ შესაბამის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები