ალექსანდრე ტაბატაძე: 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, სუს-ი აქტიურად განაგრძობდა საფრთხეების გამოვლენასა და პრევენციაზე მუშაობას

სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, სუს-ი აქტიურად განაგრძობდა საფრთხეების გამოვლენასა და პრევენციაზე მუშაობას. იმავდროულად, სამსახური აქტიურ ღონისძიებებს ატარებდა საქართველოს უსაფრთხოების გარემოების გასაუმჯობესებლად და არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნომერ პირველ გამოწვევას კვლავაც წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიები. სუს-ის მუშაობის შედეგად, მარტო ამ წელს ათეულობით ადამიანი გათავისუფლდა საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან. აგრეთვე, სამსახურს უდიდესი როლი აკისრია ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

„სუს-ის მუშაობის შედეგია „ჰიბრიდული ომიდან“ მომდინარე მთელი რიგი საფრთხეების განეიტრალება. აღსანიშნავია მათი ჩართულობა პანდემიის დროს დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით. ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს სამსახურის აქტიური მოქმედება მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლების შედეგად წარმოშობილი საფრთხეების პრევენციაში. შექებას იმსახურებს ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ სუს-ის მიერ გატარებული ღონისძიებები. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები დადებითად არის შეფასებული ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
29 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პარლამენტს 2020 წლის ანგარიში წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები