ამნისტიის კანონპროექტი კანონად იქცევა. არავის არაფერი გადაუფიქრებია, „ქართული ოცნება“ პირობას შეასრულებს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თუ იქნება რესურსი, რომ ოპოზიცია ამას დაეთანხმოს, ეს სამართლიანი და რაციონალური იქნება.
„დღეს იყო მორიგი საქმიანი შეხვედრა, გავცვალეთ პოზიციები, იყო სამართლებრივ დეტალებზე საუბარი. შეთანხმებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე. შესაბამისად, შეთანხმებას შესრულება სჭირდება. „ქართული ოცნება“ შეთანხმების ერთგული რჩება. შეთანხმებიდან გამომდინარე, ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულებები ნაკისრი, მათ შორის ეს კომპონენტი შეეხება ამნისტიის კანონპროექტს. ამიტომ, ამნისტიის კანონპროექტი აუცილებლად დაინიცირდება. ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ და ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი. ამნისტიის კანონპროექტი დაინიცირდება, ამნისტიის კანონპროექტი კანონად იქცევა. არავის არაფერი გადაუფიქრებია. „ქართული ოცნება“ პირობას შეასრულებს. თუ იქნება რესურსი, რომ დაგვეთანხმოს ოპოზიცია სამართლიან, რაციონალურ პროექტზე, ეს სამართლიანი და რაციონალური იქნება, თუ არ დაგვეთანხმებიან, ეს მათი არჩევანი იქნება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.