ჯანდაცვის მინისტრი: მთავრობის ამოცანაა, ქვეყანაში COVID-19-ის “ინდური შტამი” არ დაფიქსირდეს

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობის ამოცანაა, ქვეყანაში კორონავირუსის “ინდური შტამი” არ დაფიქსირდეს.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ამ მიმართულებით გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როდესაც 2 კვირის წინ დავიწყეთ ინდოეთიდან შემოსული მოქალაქეების მკაცრი კონტროლი. მათ მიმართ, ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში, განსაკუთრებული შეზღუდვები და მაქსიმალური კონტროლი არის დაწესებული. ეს არის ჩვენი ამოცანა – მაქსიმალურად მოვახერხოთ, რომ ეს შტამი საქართველოში არ დაფიქსირდეს, ვინაიდან, გიდასტურებთ, ამ შტამს ახასიათებს განსაკუთრებით სწრაფი გავრცელება და ასევე მძიმე გამოსავლები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 304 272 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 287 029, გარდაიცვალა 4 043 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები