კობახიძე – პოლიტიკური პროცესი გადაინაცვლებს საქართველოს პარლამენტში, რაც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებშია

კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომ არ შეუერთდნენ შეთანხმებას ნიკა მელიას გათავისუფლებამდე, მარტივი თამაშები უწოდა, რომელიც მისი აზრით, წაგებული ბრძოლის შემდეგ მუშტების ქნევას წააგავს.

როგორც კობახიძე ამბობს, ეს არ არის ვაჟკაცური საქციელი.

მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს , რაც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებშია.

“ეს არის რაღაც მარტივი თამაშები, რომელიც ძალიან წააგავს მუშტების ქნევას წაგებული ბრძოლის შემდეგ, რაც არ არის ვაჟკაცური საქციელი, თუმცა ვიცით, რომ ვაჟკაცობა ამ პოლიტიკოსებს და ამ პოლიტიკურ პარტიებს ზოგადად არ მოეკითხება.

ეს არის არასწორი ქმედება, თუმცა, ბუნებრივია, ეს ჩრდილს ვერ მიაყენებს იმ შედეგს, რომელიც შარლ მიშელის, ევროკავშირისა და ჩვენი ამერიკელი მეგობრების ძალისხმევით დადგა. მთავარია, რომ შეთანხმება შედგა. მთავარია, რომ ოპოზიციური პარტიებისა და დეპუტატების კრიტიკული რაოდენობა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. დანარჩენი არის სააკაშვილისა და სხვა რადიკალი პოლიტიკოსების თამაშები, რომლებსაც უკვე არავითარი წარმატების პერსპექტივა არ აქვთ. მთავარია, რომ შეთანხმება შედგა და ამ შეთანხმებით ისარგებლებს სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა.

ამ შეთანხმების მთავარი შედეგი არის ის, რომ 8 მარტის შეთანხმების ყველა სიკეთე ხელშესახები გახდება ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის. ჩამოყალიბდება მრავალპარტიული პარლამენტი და გაგრძელდება დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი, ნაცვლად იმისა, რისი მცდელობაც რადიკალ პოლიტიკოსებს ჰქონდათ. მათ უნდოდათ პოლიტიკური პროცესები მთლიანად ქუჩაში გადაეტანათ. დღეს პოლიტიკური პროცესი გადაინაცვლებს საქართველოს პარლამენტში, რაც მარტო „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ არის.

ეს არის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში, რომ სწორედ ასეთი დემოკრატიული ფორმით განვითარდეს პოლიტიკური პროცესი. კიდევ რაღაც მარტივი მცდელობები ვიხილეთ დღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მხრიდან იმის, რომ პროცესების ნაწილი ქუჩაში დარჩეს, თუმცა ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვის არის განწირული. ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალისხმევით უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ პროცესები სათანადო სივრცეში გაგრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები