გახარიას გუნდის წევრებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს – “ეს შეთანხმება ნორმალიზაციისა და დაძაბულობის მოხსნის შესაძლებლობაა”
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, მხარეებმა უნდა გამოიჩინონ მოცემული პუნქტების ზედმიწევნით შესრულების პასუხისმგებლობა.
„დღეს, როდესაც რადიკალიზმი არავის სჭირდება, დღეს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები, ადამიანები ყოველდღიური გამოწვევებით არიან დაკავებულნი, ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა, რომელშიც რადიკალიზმის ადგილი უბრალოდ არ არის. შესაბამისად, ეს შეთანხმება არის შესაძლებლობა ნორმალიზაციისა და დაძაბულობის მოხსნის. ჩვენ, როგორც ხელმომწერები, ვიზიარებთ, რომ ახლა მოქმედებაა მნიშვნელოვანი და მხარეებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა მოცემული პუნქტების ზედმიწევნით, სრულფასოვნად და სწორედ, ხარისხიანად შესრულებისთვის“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა გუშინ მოაწერეს ხელი.