თანაინვესტირების ფონდი: ტელეკომპანია “პირველმა” შეგნებულად დაამახინჯა ინფორმაცია საინვესტიციო პროექტებზე, რათა გაევრცელებინა დეზინფორმაცია და საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში

თანაინვესტირების ფონდი 17 აპრილს ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება, თითქოს ჟურნალისტების გარკვეულმა ჯგუფმა მიაკვლია ბიძინა ივანიშვილის გადამალულ ქონებას საქართველოში.

როგორც ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის (GCF) ინვესტორთა სტრუქტურის ცვლილების საკითხი დღის წესრიგში არასდროს დამდგარა. აქვე აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიამ, სიუჟეტის მზადების პროცესში მიზანმიმართულად არ გადაამოწმა ფაქტები, რომლებიც ყველასათვის ხელმისაწვდომია, შეგნებულად დაამახინჯა ინფორმაცია საინვესტიციო პროექტებზე, რათა საკუთარი ეთერის საშუალებით გაევრცელებინა დეზინფორმაცია და საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ 17 აპრილს ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს, თითქოს ჟურნალისტების გარკვეულმა ჯგუფმა მიაკვლია ბიძინა ივანიშვილის გადამალულ ქონებას საქართველოში. გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის (GCF) საქმიანობა, არასდროს ყოფილა დამალული. უფრო მეტიც, სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმაზე (ოფიციალურ ვებ-გვერდზე და სოც. ქსელებში) ფონდი ეტაპობრივად აახლებს ინფორმაციას თითოეული პროექტის განვითარების ეტაპზე, დასრულების ვადებზე, ინვესტიციის ჯამურ მოცულობებზე და ა.შ. უხერხულია, თუ ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტთა ჯგუფი ამ ინფორმაციას ვერ ან არ ნახულობს, მხოლოდ იმ მიზნით რომ მორიგი ტყუილი გაავრცელონ საზოგადოებაში. საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის (GTDF) მესაკუთრის ცვლილების შესახებ, საზოგადოებამ ინფორმაცია 2021 წლის 11 იანვარს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული წერილობითი მიმართვით შეიტყო. პანამაში რეგისტრირებული კომპანიის ნაცვლად GTDF-ის მფლობელი გახდა ქართუ ფონდი. აღნიშნული ცვლილება არ ასახულა ტურიზმის განვითარების ფონდის მმართველ სტრუქტურაზე, თუმცა აღინიშნა რომ GTDF-ის 10-მდე პროექტიდან მიღებული საოპერაციო შემოსავალი ან აღნიშნული პროექტების გასხვისებიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი მოხმარდებოდა საქველმოქმედო საქმიანობას. აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის (GCF) ინვესტორთა სტრუქტურის ცვლილების საკითხი დღის წესრიგში არასდროს დამდგარა. შესაბამისად, ჩვენთვის ასევე გაურკვეველია ჟურნალისტთა გუნდის გაოცება იმ საკითხზე, რომ ფონდის მთავარი ინვესტორი კვლავ ბიძინა ივანიშვილია. ბრალდება, კი იმის შესახებ, რომ თითქოს გარდაბანში არსებული პროექტის ფარგლებში, ფონდმა ადგილობრივებს მათი კუთვნილი ტერიტორიები წაართვა არის სიცრუე. აღნიშნული მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოიცავდა 35ჰა ტერიტორიას იყო სახელმწიფოს საკუთრებაში, თუმცა მოსახლეობა მათ იყენებდა საქონლის საძოვრებად. შესაბამისად, სწორედ იმ მიზნით, რომ მოსახლეობისთვის ზარალი არ დამდგარიყო, შეიქმნა კოოპერატივი, რომელსაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კეთილი ნების საფუძველზე ჩაერიცხა 44ჰა ტერიტორიის საბაზრო ღირებულება, რის შედეგადაც მათ შეიძინეს მიწის ნაკვეთები. ზემოთ ხსენებული 35ჰა ტერიტორიის მიწა პროექტის მიერ იქნა შესყიდული საბაზრო ღირებულებით და შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულებით. რაც შეეხება ექსპორტს, ქართული აგრო სახლის მიერ გაყიდული პროდუქციის მხოლოდ 11% გადის ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში და ამ ინფორმაციის გადამოწმებაც მარტივად იყო შესაძლებელი. ყველა ამ ფაქტის გათვალისწინებით გვაქვს მყარი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ტელეკომპანიამ, სიუჟეტის მზადების პროცესში მიზანმიმართულად არ გადაამოწმა ფაქტები, რომლებიც ყველასათვის ხელმისაწვდომია, შეგნებულად დაამახინჯა ინფორმაცია საინვესტიციო პროექტებზე, რათა საკუთარი ეთერის საშუალებით გაევრცელებინა დეზინფორმაცია და საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში“, – ნათქვამია თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები