სისტემური ცვლილებების დროა – რუსთაველის თეატრთან საპროტესტო აქცია გაიმართა

რუსთაველის თეატრის წინ დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა „გილდიამ“ აქცია სლოგანით: „სისტემური ცვლილებების დროა“ გამართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ძალადობასა და დისკრიმინაციას აპროტესტებენ. მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობ ნინუცა მაყაშვილს და საგამოძიებო ორგანოს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდეს.

„მას შემდეგ, რაც ნინუცა მაყაშვილმა ძალადობაზე საჯაროდ ისაუბრა, რუსთაველის თეატრის, 1980 წელს დანიშნულმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ მკვეთრად გამოხატული დისკრიმინაციული განცხადებები გააკეთა, რითაც, შეიძლება ითქვას, რომ საჯაროდ წაახალისა დისკრიმინაცია და ძალადობა.

პრობლემა არ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, პრობლემა არის სისტემური ხასიათის და საჭიროებს მნიშვნელოვან და აუცილებელ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან.

კულტურის სფეროს ამ მხრივ განსაკუთრებულად რთული სპეციფიკა აქვს, რაც ამ კონკრეტული შემთხვევის მაგალითზეც კარგად ჩანს. სავარაუდო მოძალადე, ცნობადობის გამო, საზოგადოებაში აღიარებითა და პატივისცემით სარგებლობს, რაც ერთი მხრივ, პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებს მას და უადვილებს ძალადობრივი ქმედების ჩადენას, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული გარემოება დამატებითი ბარიერია მსხვერპლისთვის, ისაუბროს განხორციელებულ ძალადობაზე.

გილდიას“ კულტურისა და მედიის სფეროში დასაქმებულთა შრომითი პირობების კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 40 პროცენტს ჰქონია შემთხვევა სამუშაო ადგილას შევიწროების ან დისკრიმინაციის ხელმძღვანელობის მხრიდან. რესპონდენტთა 53.8 პროცენტი ასახელებს, რომ ისინი გამხდარან დისკრიმინაციის მსხვერპლნი სამუშაო ადგილას, 28 პროცენტი სქესის ნიშნით დისკრიმინაციას ასახელებს“, – ნათქვამია „გილდიას“ განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები