3 საათიანი შეხვედრა და 3 პირობა – “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა
რიონის ხეობის მცველებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების 3 საათიანი შეხვედრა დასრულდა.
როგორც ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმისთვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს, ხელისუფლებას მათ სამი პირობის დაკმაყოფილება მოსთხოვეს – დატოვოს ხეობა პოლიციამ და აიღონ რკინის ღობე, შეწყდეს ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები და მისცენ საშუალება აქციის მონაწილეებს, მათი კარვები დაბრუნდეს პროტესტის ადგილას – სოფელ ნამოხვანში.
რიონის ხეობის მცველები ახლა ამ პირობებზე პასუხს ელოდებიან.
როგორც გოლეთიანი ამბობს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღე ითხოვეს და მიზეზად “პრემიერის ჯანმრთელობა” დაასახელეს.
რაც შეეხება “ენკასთან” გაფორმებულ ხელშეკრულებას.
როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ხელშეკრულების დეტალებზე დაიწყოს მსჯელობა, უნდა გაჩნდეს შემდგომი დიალოგის სივრცე და ამ სივრცეს, სწორედ დასახლებული სამი პირობის შესრულება შექმნის.
გარდა ამისა, როგორც ირკვევა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა რიონის ხეობის მცველებთან საუბრისას დაუშვეს შესაძლებლობა, რომ “თუ არის სახელმწიფო ინტერესი დათმობილი, ჰესი არ აშენდება”.