ალი ბაბაევი: “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ვხედავთ ქვეყნისთვის არაკეთილმოსურნე გარე ძალებისა და მათი ქვეყანაშივე არსებული დასაყრდენი ძალების მიერ სიტუაციის პროვოცირებას

„საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” თავმჯდომარე, ალი ბაბაევი “ნამახვანჰესის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ბაბაევის თქმით, ის მიესალმება საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივას, შედგეს მშვიდობიანი დიალოგი, მოლაპარაკების გზით წარიმართოს მოვლენები და პროცესები გამოვიდეს ჩიხიდან ქვეყნის სასარგებლოდ.

“ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო, ბოლო დღეებია, აქტიურად ვადევნებ თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ამიტომ მინდა მოგახსენოთ ჩემი სუბიექტური მოსაზრება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. პირველი და ჩვენთვის ყველასათვის აქტუალური არის სწორედ ნამახვანჰესის და მის გარემო განვითარებული მოვლენათა ჯაჭვი, რომელსაც უფრო და უფრო შეცდომაში შეჰყავს ქართული საზოგადოება, გააკეთოს სწორი დასკვნები. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც სასიცოცხლოდ სჭირდება უცხოური და ასევე ადგილობრივი ინვესტიციები ბიზნეს სფეროში, რათა გადაურჩეს მოსალოდნელ ეკონომიკურ კრახს. უკვე დღესდღეობით არსებული ეკონომიკური კრიზისები, რომელიც სწორედ რომ გამოწვეულია მსოფლიოში მძვინვარე პანდემიის შედეგად, ჩვენთვის ყველასათვის ამთავითვე ცხადი და ნათელია. აღნიშნული ჰესის მშენებლობის პროცესში, ჩვენ ვხედავთ ქვეყნისათვის არა კეთილმოსურნე გარე ძალებისა და მათი ქვეყანაშივე არსებული დასაყრდენი ძალების მიერ სიტუაციის პროვოცირებისა და კრიზისის გამოწვევის მცდელობათა მთელ ჯაჭვს. რა თქმა უნდა, საზოგადოების გარკვეული ფენებისთვის უშუალოდ პროექტის ყველა დეტალი არ იყო ნათლად ცნობილი და დამეთანხმებით რომ მსგავსი დეტალები ღია არც არის ნებისმიერი სხვა პროექტების შემთხვევაში. მაგრამ, როგორც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ხდება ცნობილი, ხეობის მოსახლეობისათვის პროექტი კარგად ცნობილი იყო და ამასთან მიღებული ქონდათ სოლიდური ოდენობის კომპენსაციები, ინვესტორის მხრიდან. სამწუხაროა ის ფაქტი რომ, სწორედ ის ადამიანები რომელთაც მიიღეს სოლიდური ოდენობის კომპენსაციები, დღესდღეობით აქტიურად არიან ჩართულნი პროექტის საწინააღმდეგო კამპანიასა და კრიზისის გაღრმავებაში. კიდევ უფრო სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ ჩვენი საზოგადოება მისწრაფებულია ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისაკენ, ამის ფონზე კი ე.წ. მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებში იყენებენ ქსენოფობიურ, ანტითურქულ და ამასთანავე რელიგიურ მოტივებს. ცდილობენ მოახდინონ პროცესის პოლიტიზირება, რაც ისევე როგორც ყველა წინა შემთხვევაში ძალიან დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე. ამას თან ერთვის მსგავსი ხასიათის კამპანიები სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, რაც ხელს უწყობს პროცესებისათვის უფრო და უფრო საერთაშორისო ხასიათის შეძენას. შედეგად კი ვიღებთ მხოლოდ იმას, რომ ყველა სერიოზულ უცხოელ ინვესტორს უყალიბდება უნდობლობა, ჩადოს მისი ინცესტიციები ქვეყნაში არსებულ ბიზნეს პროექტებში. აქედან კი მივდივარ სწორედ იმ დასკვნამდე, რომ სწორედ ეს არის ქვეყანაში არსებული დესტრუქციული ძალების მთავარი მიზანი, განიცადოს სრული კრახი ქართულმა ეკონომიკამ. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ რომ ყოველივე ეს ზიანს აყენებს არა რომელიმე ხელისუფალს, არამედ უშუალოდ ქართულ საზოგადოებასა და მის თითოეულ წევრს.

რაც შეეხება ანტითურქულ კამპანიას. პროვოცირება ისტორიულ მოტივებზე არის სრულიად უადგილო, კარგად უნდა გავითავისოთ რომ თანამედროვე მსოფლიოში სწორედ თურქეთი არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი და ამასთანავე ერთადერთი მეზობელი ქვეყანა, რომელიც არის ნატოს წევრი. ამ ბოლო პერიოდში თურქეთის სახელმწიფომ ძალიან ბევრი ნაბიჯები გადადგა საქართველოს სასარგებლოდ, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარებისა და თავდაცვის გაძლიერების მხარდაჭერის სფეროში. თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო ინსტიტუტებში. თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა იმ გაგებითაც, რომ სწორედ აქედან მოდის როგორც სურსათის დიდი ოდენობა ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზისათვის საჭირო ინვენტარი. ამასთან თურქეთში დასაქმებულია ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე. ასევე თურქეთში მკურნალობს სხვადასხვა მძიმე დაავადების მქონე არაერთი საქართველოს მოქალაქე. ქართველი სტუდენტები განათლებას იღებენ თურქეთის წამყვან უნივერსიტეტებში და აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა აქტივობებში. ამიტომაც ვთვლი, რომ დაუშვებელია ამ ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებში რაიმე სახის ბზარის გაჩენა, რაც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრების წისქვილზე დაასხამს წყალს და შედის კიდეც მათ ინტერესებში.

მივესალმები საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივას, შედგეს მშვიდობიანი დიალოგი, მოლაპარაკების გზით წარიმართოს მოვლენები და პროცესები გამოვიდეს ჩიხიდან სწორედ ქვეყნის სასარგებლოდ”,- წერს ბაბაევი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები