ივანე ჩხაიძე: ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენ არ გამოვიყენოთ ,,სინოფარმი”, იქნება, თუ ჯანმო ამ ვაქცინის ეფექტურობაში ეჭვს შეიტანს
“ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენ არ გამოვიყენოთ ,,სინოფარმი”, იქნება, თუ ჯანმო ამ ვაქცინის ეფექტურობაში ან უსაფრთხოებაში ეჭვს შეიტანს და თვითონ გამოსცემს ამ სარეკომენდაციო სავალდებულო წერილს”, – ამის შესახებ საქართველოს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
ჩხაიძე პრეპარატის განხილვის პროცესის დასრულებამდე დასაშვებად მიიჩნევს „სინოფარმის“ გამოყენებას, ვინაიდან მას უკვე აქვს უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის აღიარება.
„შეგვიძლია, განვიხილოთ ორი სცენარი. ერთი ეს არის, ჯანმო აძლევს ავტორიზაციას „სინოფარმს“, მაშინ ყველა კითხვა იქნება მოხსნილი. მეორე სცენარი, როდესაც ჯანმო ავტორიზაციას არ აძლევს, მაგრამ გადადებს კიდევ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით, რაც ავტომატურად გულისხმობს მინიმუმ ერთი თვით განხილვის გადადებას. გადადების შემთხვევაში, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, ავამოქმედოთ ის მარეგულირებელი აქტი, რომელიც საქართველოში არსებობს და რომელიც უშვებს ჩინური ვაქცინის გამოყენებას რომელიმე მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაციის შემთხვევაში. ჩვენ იურიდიული უფლება ამის გვაქვს, მაგრამ დასაკარგი ერთი თვე ნამდვილად არ გვაქვს. მით უმეტეს, გქონდეს ქვეყანაში 100 000 დოზა ვაქცინა და იყოს ადამიანი, რომელსაც უნდა ამ ვაქცინის გამოყენება და შენ ხელოვნურად ბარიერს ქმნიდე, ვფიქრობ, არასწორია.
ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენ არ გამოვიყენოთ ეს ვაქცინა, იქნება, თუ ჯანმო ამ ვაქცინის ეფექტურობაში ან უსაფრთხოებაში ეჭვს შეიტანს და თვითონ გამოსცემს ამ სარეკომენდაციო სავალდებულო წერილს, სადაც იქნება დაფიქსირებული – არ გამოიყენოთ ჩინური ვაქცინა ამისა და ამის გამო, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ამ ვაქცინამ უკვე იმდენი მარეგულირებლის, იმდენი მკაცრი ქვეყნის შემოწმება გაიარა, რომ მე არ ვფიქრობ, ეს შესაძლებელია“, – განაცხადა ჩხაიძემ.