ბექა ლილუაშვილი: “ქართული ოცნების” ერთ-ერთი შეცდომა 20 ივნისს პარლამენტის სავარძელში გავრილოვის დაჯდომა იყო, რასაც საზოგადოების სამართლიანი პროტესტი მოჰყვა
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ბექა ლილუაშვილი “დღის კურიერის” ეთერში “ქართული ოცნების” შეცდომებზე საუბრობს.
ლილუაშვილი ერთ-ერთ მთავარ შეცდომად 20 ივნისს ასახელებს, როდესაც გავრილოვი პარლამენტის სავარძელში ჩაჯდა.
“რაც შეეხება შეცდომებს, ესეც შეცდომაა, მათ შორის – არსებითად დღეს, “ქართული ოცნების” მმართველი გუნდის პირობებში ჩვენ გვაქვს რადიკალიზაციის მსგავსი ხარისხი და არ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული ორიენტირები, თუ როგორ უნდა გადავრთოთ ჩვენი ძალისხმევა ისეთი სისტემური გამოწვევების გადაჭრაზე, როგორიც არის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა და ეკონომიკური გამოწვევა.
ასევე, შეცდომაზე მეტი იყო 20 ივნისის დღეს გავრილოვის პარლამენტის სავარძელში დაჯდომა. ეს იყო, ბუნებრივია, პარლამენტის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის შეურაცხყოფა, რასაც მოჰყვა ძალიან სამართლიანი პროტესტი საზოგადოების და ამ შეცდომასთან მიმართებით “ქართულმა ოცნებამ”, როგორც პოლიტიკურმა ძალამ არაერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფასი გადაიხადა.
რაც შეეხება, ჩვენ როგორ ვაპირებთ ამ პროცესებში ინტეგრირებასა და ამ მოცემულობის რადიკალიზებითა და რადიკალიზმით გაჯერებული პოლიტიკური სივრციდან საქმეზე ორიენტირს – ამაზე ჩვენ ვუპასუხებთ, როდესაც პარტიის მშენებლობის პროცესს ძალიან მალე დავასრულებთ და, შესაბამისად, წარვუდგენთ საზოგადოებას პარტიის სამოქმედო გეგმას, პროგრამას და ჩვენს საპარლამენტო მანდატს მივმართავთ მათი საჭიროებების მაქსიმალურად გადაჭრის მიზნით”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.