ზაალ უდუმაშვილი: ,,ქართულ ოცნებაში” რღვევის პროცესი დიდი ხანია, მიმდინარეობს და დღეს საჯარო გახდა
,,ქართულ ოცნებაში” რღვევის პროცესი დიდი ხანია, მიმდინარეობს და დღეს სააშკარაოზე გამოვიდა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება გახარიას, მას ჯერ კიდევ ბევრ კითხვაზე აქვს გასაცემი პასუხი ქართული საზოგადოებისთვის.
„ეს არის პროცესი, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ დიდი ხანია, მიმდინარეობს. ეს არის რღვევის პროცესი, რომელიც ძალიან საჯაროა და სააშკარაოზე გამოვიდა. სწორედ ამას ემსახურებოდა გახარიას წასვლაც თანამდებობიდან და სხვადასხვა მინისტრის გადადგომაც. დღეს ვნახეთ, რომ მინისტრებიც ახალ ბანაკში მიდიან. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაც აპირებს, რაღაც სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდეს ოპოზიციურ ველზე, ჯერ არის მხოლოდ განცხადებები. ამის წინაპირობას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ გახარიას ჯერ კიდევ ბევრ კითხვაზე აქვს გასაცემი პასუხი ქართული საზოგადოებისთვის. პირველ ყოვლისა, ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება 20 ივნისს და მას აუცილებლად მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრმა დღეს პარტია „ქართულ ოცნება“ დატოვა.