ირაკლი კობახიძე: მთავარი ამოცანა არის ის, რომ სასამართლო სისტემა იდგეს სიმართლის სამსახურში
„ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ სასამართლო სისტემა იდგეს სიმართლის სამსახურში და მან სწორად გადაწყვიტოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეები”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია ვითარების შეფასება და ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობის დაწყება.
“ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ სასამართლო სისტემა იდგეს სიმართლის სამსახურში და მან სწორად გადაწყვიტოს როგორც სისხლის სამართლის, ასევე, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეები. როდესაც ჩვენ უკვე გვიწევს ოპონირება ამ თემასთან დაკავშირებით, პირველი კითხვა, რასაც ვუსვამთ ოპონენტებს, არის ის, რომ თუ მათ აქვთ კრიტიკული შენიშვნები, უნდა წარმოადგინონ კონკრეტული საქმეები, სადაც მათი აზრით, საკითხი გადაწყდა უსამართლოდ. ჩვენთვის მთავარია შინაარსობრივად შევაფასოთ სასამართლო სისტემა, გამომდინარე იქიდან, რომ პერსონალურ საკითხებზე მუდმივად აპელირება არსად მიგვიყვანს იმიტომ, რომ მოსამართლეები არიან უმეტესწილად მუდმივად დანიშნულები. მთავარია, ჩვენ შევაფასოთ, დღეს რა მდგომარეობა გვაქვს სასამართლო სისტემაში. სისხლის, ადმინისტრაციული, სამოქალაქო სამართლის საქმეები წყდება სამართლიანად თუ არა. ქვეყანა არ არსებობს ალბათ, სადაც უსამართლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებები არ არსებობს, სკანდინავია და ყველაზე განვითარებული ქვეყნები რომ ავიღოთ, იქაც იქნება აუცილებლად ასეთი შემთხვევები და საქართველოშიცაა. მთავარია, ზუსტად შევაფასოთ რა ვითარება გვაქვს და დავიწყოთ ხარვეზების გამოსწორება.
ჩვენ მზად ვართ ამ პოლემიკისთვის და ეს აისახა მათ შორის დანიელსონის დოკუმენტშიც, რომელსაც ჩვენ ხელს ვაწერდით. თუ ჩვენ გამოვავლენთ არსებით თუ არაარსებით ხარვეზებს, ყველაფერში გვჭირდება რეაგირება როგორც კანონის დონეზე, ასევე ეთიკის გაუმჯობესების კუთხით. ეს მზაობა ჩვენ დავაფიქსირეთ და მზად ვართ, ამაზე ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და პოლიტიკურ ოპონენტებთან ერთად”, – აცხადებს კობახიძე.