ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოაცხადა.
როგორც რუსთაველის ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კონკურსი უპრეცედენტოდ მაღალი, 8 მლნ ლარით ფინანსდება და მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებსა და დარგებს, რომლებიც ევროპული კვლევების საბჭოს კლასიფიკაციითაა დადგენილი.
,,ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი და საინფორმაციო-ტექნოლოგიური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ კონკურსის მთავარ ამოცანას წარმოდგენს ახალი იდეებისა და კონცეფციების შესწავლა-ანალიზი. ამასთანავე, კონკურსი ხელს შუწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებასა და ინტერნაციონალიზაციას.
სამეცნიერო პროექტებში ახალგაზრდა მეცნიერების მოტივაციის ასამაღლებლად გაჩნდა ახალი ბერკეტები, გაიზარდა ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება, რაც სხვადასხვა თაობის მეცნიერთა აქტიური თანამშრომლობისთვის დამატებითი მოტივაციაა.
განახლებული კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროექტები შეფასდება საერთაშორისო ექსპერტების მიერ. ამასთან, შეიცვალა და დაიხვეწა არა მხოლოდ კონკურსის დებულება, არამედ – საკონკურსო პირობები და სამეცნიერო პროექტების შეფასების კრიტერიუმები. განხორცილებული ცვლილებები სამეცნიერო პროექტების ზუსტი და სიღრმისეული შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი ქართველი მეცნიერებისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა მსოფლიოს სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად,” – ნათქვამია რუსთაველის ფონდის ინფორმაციაში.