არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, საკმარისი დრო გავიდა, რათა უკრაინელმა საზოგადოებამ შეაფასოს, რეალურად რა გაუკეთა ქვეყანას სააკაშვილმა, თუმცა, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით

“ვფიქრობ, საკმარისი დრო გავიდა, რათა უკრაინელმა საზოგადოებამ შეაფასოს, რეალურად, რა გაუკეთა უკრაინას მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ამ სახელმწიფოს სუვერენული საქმე და ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უკრაინელი ჟურნალისტების გამოძიებას, რომლის თანახმადაც, ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში აქციებს აფინანსებს.

მისი თქმით, სააკაშვილი ქართულ მართლმსაჯულებას ემალება და ეს პირდაპირ მიუთითებს, თუ რამდენად ნეგატიური და დესტრუქციული როლი აქვს ქართულ პოლიტიკაში.

„სააკაშვილი უკანონოდ ერევა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში. ის ამ შემთხვევაშიც არღვევს კანონს. ეს ადამიანი წარსულში, სასამართლო ინსტანციების ყველა დონეზე, არაერთი დანაშაულისთვის, არაერთხელ იყო ნასამართლევი. ის ქართულ მართლმსაჯულებას ემალება. ეს პირდაპირ მიუთითებს, თუ რამდენად ნეგატიური და დესტრუქციული როლი აქვს ქართულ პოლიტიკაში. ის არაფორმალურად მართავს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და ზოგ შემთხვევაში, სავარაუდოდ,  მასთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებსაც. კითხვების დონეზე, რა თქმა უნდა, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ უკანონოდ აფინანსებს კიდეც ამ პოლიტიკურ აქტივობებს, თუმცა, ამას სჭირდება სათანადო მტკიცებულებები. ვფიქრობ, ამ კითხვებს ოპოზიციიდან მისმა თანაგუნდელებმაც უნდა უპასუხონ. ძალიან საყურადღებოა მიხეილ სააკაშვილის მუშაობა უკრაინაში. გახსოვთ, როგორი დაპირებებით წარდგა ის უკრაინელი საზოგადოების წინაშე. ვფიქრობ, საკმარისი დრო გავიდა, რათა უკრაინელმა საზოგადოებამ შეაფასოს, რეალურად, რა გაუკეთა უკრაინას მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ამ სახელმწიფოს სუვერენული საქმე და ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები