სალომე ზურაბიშვილი: ოპოზიციას მოეთხოვება, გამოიჩინოს მეტი შეგნება, მოეთხოვება უარის თქმა განწყობაზე: ჩემ შემდეგ ან ჩემ გარეშე რაც გინდა, მომხდარა

“მიუღებელია, დღეს, როცა ქვეყანაში, სადაც დეოკუპაციას, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს, რომელიმე პოლიტიკური ძალა ცდილობდეს, დასავლურობაზე მონოპოლია მოიპოვოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას მოეთხოვება, გამოიჩინოს მეტი შეგნება, მოეთხოვება უარის თქმა განწყობაზე: ჩემ შემდეგ ან ჩემ გარეშე რაც გინდა, მომხდარა.

,,მესამე და უმთავრესი გამოწვევაა ჩვენი მთავარი მიზნების ბოლომდე მიყვანა – ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დეოკუპაცია. ეს არის გამოწვევა, რომელიც შეუთავსებელია ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩასთან.

ყველამ, თეორიულად მიანც, ვიცით, რომ დაუშვებელია ამ თემაზე ჩვენ შორის აზრთა ნებისმიერი სხვადასხვაობა, რამეთუ ეს მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს.

1918 წლის პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფ ქართველებსაც ჰქონდათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები და დაპირისპირებაც ხშირი იყო. თუმცა, გაერთიანებულები იყვნენ ერთი მიზნის ირგვლივ – საქართველლოს დამოუკიდებლობისა და სახლემწიფოებრიობის აღდგენის საკრალური მიზნის ირგვლივ.

მიუღებელია, დღეს, როცა ქვეყანაში, სადაც დეოკუპაციას, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს, რომელიმე პოლიტიკური ძალა ცდილობდეს, დასავლურობაზე მონოპოლია მოიპოვოს და სხვებს, ყველას, პრორუსული უწოდოს, ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი ერთსულოვნება ოკუპაციისა და სტრატეგიული ორიენტირების საკითხებში და ამით გაამართლოს თავისი ამბიცები.

ვერ წარმომიდგენია, რომ ქვეყნიდან, რომელიც ოკუპაციას ებრძვის, რომლის მტკიცე პარტნიორები ევროპა და ამერიკა არიან, მისივე მოქალაქეებისგან სწორედ ამ ქვეყნებში მიმდინარეობდეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო სრულიად უღირსი კამპანია, დისკრედიტაცია და ლობირება თუნდაც სანქციების დაწესების მიმართულებით.

ვიღაც შეიძლება, მიიჩნევდეს, რომ ამით ასუსტებს პოლიტიკურ კონკურენტს და აძლიერებს საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს. მაგრამ ვინც იცნობს ევროპასა და ამერიკას, კარგად ესმის, რომ ეს ასე არ არის და რეალურად ზარალდება ქვეყანა, მისი სამომავლო პერსპექტივა, მისდამი დღევანდელი მხარდაჭერა ოკუპაციასთან ბრძოლის, ეკონომიკური გაძლიერების თუ რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.

ამიტომ, ოპოზიციას მოეთხოვება, გამოიჩინოს მეტი შეგნება. მოეთხოვება უარის თქმა განწყობაზე: ჩემ შემდეგ ან ჩემ გარეშე რაც გინდა, მომხდარა. თუმცა, არანაკლებ საჭიროა ხელისუფლების მხრიდან იმის გაგება, რომ რაღაც საკითხებში, ბოლომდე შეთანხმება თუ არა, სულ ცოტა, წინასწარ გაფრთხილება და კონსენსუსის მიღწევის მცდელობა მაინც უნდა იყოს.

მაგალითად მოვიყვან 2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემას, რაც, არა თუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული. თუ ასეთ მომავალს ერთად არ შევქმნით, ვერც ოკუპაციის დაძლევას შევძლებთ და ვერც – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები