აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება ენგურში ადამიანების დაღუპვას ეხმიანება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მდინარე ინგურთან გალის რაიონის ოთხი მკვიდრის დაღუპვასთან დაკავშირებით თბილისში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც ე.წ. უწყებაში აღნიშნავენ, მათთვის მოსალოდნელი იყო, რომ ეს “ტრაგიკული მოვლენა გახდა ისტერიკის გამართვის კიდევ ერთი მიზეზი და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი”.
“როგორც საქართველოს ოფიციალურ პირებს, ასევე, მათი პოლიტიკურ ოპონენტებს აწუხებთ არა ხალხის დაღუპვის ფაქტი, არამედ – შესაძლებლობა, აჩვენონ თავიანთი ყალბი პატრიოტიზმი და კიდევ ერთხელ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დაადანაშაულონ რუსეთი”, – აღნიშნავს ე.წ.უწყება.
ე.წ. საგარეო უწყებაში უადგილოს უწოდებენ “თბილისის ნებისმიერი მცდელობას, მომხდარის პოლიტიზება მოახდინონ და ადამიანების ტრაგიკულ გარდაცვალებაზე იაფფასიანი პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვონ”.
აღინიშნება, რომ “ინციდენტის გარემოებებს იძიებენ აფხაზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები”.
ასევე, ე.წ. იწყება მოუწოდებს “რესპუბლიკის მოსაზღვრე რაიონებში მაცხოვრებლებს გადაკვეთონ სახელმწიფო საზღვარი დადგენილ საგუშაგოებზე”, ასევე, სამძიმარი გამოუცხადეს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
7 აპრილს საოკუპაციო ხაზთან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურმა 4 ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილების ნათესავების ინფორმაციით, გალის მკვიდრები, სხვადასხვა საჭიროებისთვის, შემოვლითი გზით ცდილობდნენ ზუგდიდში გადმოსვლას, რა დროსაც, სავარაუდოდ, მდინარე ადიდდა და ოთხივე დინებამ გაიტაცა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება. განკარგულებას ხელს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.