გიორგი გახარია: დღესაც გვჭირდება ერთიანობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენმა ერმა არაერთხელ, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილს აჩვენა
“გვტკივა და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის დანაშაულმა იმსხვერპლა’, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დღესაც საჭიროა ერთიანობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენმა ერმა არაერთხელ, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილს აჩვენა.
„უკვე 32 წელია, ეს დღე ერთდროულად დიდი ტკივილითა და სიამაყით გვავსებს. გვტკივა და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის დანაშაულმა იმსხვერპლა. გვეამაყება მათი და მთელი საქართველოს, ყველა თაობის ის სულისკვეთება, ერთიანობა და შემართება, რომელმაც ზუსტად ორ წელიწადში თავისუფლება მოგვიტანა, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შეუდგა სახელმწიფოს მშენებლობას.
დღესაც გვჭირდება ერთიანობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენმა ერმა არაერთხელ, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილს აჩვენა, მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა“, – წერს გიორგი გახარია.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას
საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.