“საქართველოში არსებული პოლიტიკური დრამა აჩვენებს, რომ მსგავსი საკითხები, ასევე, რუსეთის მიერ ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია აბრკოლებს საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფებების წინ წაწევას”, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე გააკეთა.
მისი თქმით, იმის ჩვენება, რომ მზად ხარ და შეგიძლია, იბრძოლო ნატო-ს სამხედროებთან ერთად, არ არის საკმარისი ალიანსში გაწევრიანებისთვის.
„როდესაც ვსაუბრობთ ნატო-ზე სამხრეთ კავკასიაში, მაშინ უნდა ვისაუბროთ საქართველოზე. საქართველო მონაწილეობს ნატო-ს მისიაში ავღანეთში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ მისიაში. ის არის სიდიდით მეოთხე კონტრიბუტორი და ნომერ პირველი კონტრიბუტორი ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის. საქართველო წლების განმავლობაში შეეცადა, ეჩვენებინა, რომ ისინი მხოლოდ უსაფრთხოებას არ ითხოვენ ნატო-სგან, არამედ ისინი მზად არიან, წვლილი შეიტანონ კოლექტიურ უსაფრთხოებაში. საქართველოს 30-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთის მისიაში და ასობით დაიჭრა. საქართველოს მუდმივად სურს, რომ ნატო იყოს წარმოდგენილი საქართველოში. ასე რომ, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ნატო-ზე ვსაუბრობთ, დისკუსიის მთავარი თემა არის საქართველოს მისწრაფებები. თუმცა, მე არაერთხელ მითქვამს საქართველოს ოფიციალურ პირებთან – გამოწვევას წარმოადგენს ისიც, რომ იმის ჩვენება, რომ მზად ხარ და შეგიძლია, იბრძოლო ნატო-ს სამხედროებთან ერთად, არ არის საკმარისი ალიანსში გაწევრიანებისთვის. ნატო არის საერთო ღირებულებების მქონე მოკავშირეების ალიანსი. ჩემი აზრით, დღეს საქართველოში არსებული პოლიტიკური დრამა აჩვენებს, რომ მსგავსი საკითხები აბრკოლებს საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფებების წინ წაწევას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან რთული სიტუაციაა, როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.