არჩილ თალაკვაძე: პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი ვენეციის კომისიას გადაუგზავნა
საქართველოს პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი ვენეციის კომისიას გადაუგზავნა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, პარლამენტმა ის ცვლილებები მიიღო, რომელშიც აისახა ვენეციის კომისიის სამი დამატებითი რეკომენდაცია.
„ორი წლის წინ ეს რეგულაციები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო სტანდარტის მიხედვით შევიმუშავეთ. ახლა კი პარლამენტმა ის ცვლილებები მიიღო, რომელშიც აისახა ვენეციის კომისიის სამი დამატებითი რეკომენდაცია. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან კანონის ახალი რეგულაციების თანხვედრა მარტივად დასადგენია, ჩვენი პარტნიორების მოწოდება გავითვალისწინეთ და კანონი საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას უკვე გადავუგზავნეთ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საუბარია კანონზე, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურებს ეხება.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები.