“თითოეულმა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები კომპრომისისკენ და შეთანხმდნენ თამაშის წესებზე წინ წასაწევად, რათა საქართველო იყოს ფოკუსირებული ეროვნულ გამოწვევებზე, ნაცვლად პარტიული საკითხებისა”, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე გააკეთა.
მისი თქმით, არსებული სიტუაცია საქართველოს პროგრესს აფერხებს და აჩენს კითხვებს პოლიტიკური კულტურისა და ელიტის მიმართ.
„საქართველოში, რომელიც დიდი ხანია, არის აშშ-ის უახლოესი სტრატეგიული პარტნიორი კავკასიაში, რომელსაც წვლილი შეაქვს რეგიონულ უსაფრთხოებაში, მათ შორის, იბრძვის ნატო-ს ხელმძღვანელობით მომუშავე მისიებში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავღანეთი, ნაცვლად კავკასიაში შეცვლილ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე კონცენტრირებისა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას და ნაცვლად „კოვიდ-19“-ის პანდემიის შემდგომ ეკონომიკურ აღდგენაზე მუშაობისა, საქართველოს პოლიტიკური კლასი უფრო მეტად არის ფოკუსირებული შიდაპოლიტიკურ დრამაზე. ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით ქართველ მეგობრებს როგორც მთავრობაში, ისე – ოპოზიციაში, რომ ახლა დროა, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ყურადღება გაამახვილონ იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს, როგორც ქვეყანას, აქვს. დღეს საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური კრიზისი პროვოცირებული იყო და შეიქმნა ორივე მხარის ქმედებების გამო როგორც მმართველი პარტიის, ისე – ოპოზიციის. თითოეულმა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები კომპრომისისკენ და შეთანხმდნენ თამაშის წესებზე წინ წასაწევად, რათა საქართველო იყოს ფოკუსირებული ეროვნულ გამოწვევებზე, ნაცვლად პარტიული საკითხებისა, რაც საქართველოს პროგრესს აფერხებს და აჩენს კითხვებს პოლიტიკური კულტურისა და ელიტის მიმართ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ისწრაფვოდა ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისკენ, იქნება ეს ევროკავშირის თუ ნატო, ახლა კი გამოდის, რომ პოლიტიკური ლიდერები დემოკრატიული ღირებულებების მოდელს არ მიჰყვებიან, რაც თავის მხრივ წარმოადგენს მთავარ წინაპირობას ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებაზე სერიოზული დიალოგის გასამართად“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.