ბათუმში მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს, მათგან ერთი გარდაიცვალა (ფოტო)

ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სავარაუდოდ, ჩამონგრეული იყო მშენებარე კერძო საცხოვრებელი სახლი, რომელშიც მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე არსებული სახლის ნგრევის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, ჩამონგრეული იყო მშენებარე კერძო საცხოვრებელი სახლი, რომელშიც მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები.

მისამართზე მისულ მეხანძრე-მაშველებს ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ სახლში, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყვნენ მუშები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ოპერატიულად დაიწყო მოქალაქეების საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაცვლილი, ხოლო ორი დაშავებული იყო.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაეწევათ შესაბამისი დახმარება.

ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე სულ მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 30 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები