“რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი თამაშები ისევ წამოიწყო და ანექსირებული ყირიმის ირგვლივ, უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, სამხედრო ჯარის რაოდენობა გაზარდა. რუსი მაღალჩინოსნები კი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, კიევი სამხედრო შეტევას ამზადებს და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით იერიშებს ახორციელებს. ყველაფერი ეს კი შესაძლოა, კრემლის ახალ მცდელობას წარმოადგენდეს მირიუპოლის ან ხერსონის ოლქის დასაკავებლად. ან რუსეთმა შესაძლოა, სცადოს და “მშვიდობისმყოფელები ” შეიყვანოს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში”, – მიიჩნევს უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს (Atlantic Council) ევრაზიული ცენტრის დირექტორი, ჯონ ხერბსტი.
ხერბსტი ასევე არ გამორიცხავს, რომ რუსული აგრესიის გაძლიერება შესაძლოა, უკავშირდებოდეს კრემლის მცდელობას, აიძულოს ვოლოდიმირ ზელენსკი, წავიდეს დათმობებზე, ასევე, “გამოსცადოს” აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.
“თუ ეს ასეა, მაშინ ბაიდენმა გამოცდას “გაუძლო”. ვაშინგტონმა არ დაიშურა სატელეფონო ზარები კიევში მთელი კვირის განმავლობაში. თავად ბაიდენმაც კი დაურეკა ზელენსკის, ყველამ დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერა ახალი პროვოკაციების ფონზე. გარდა ამისა, აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, მარკ მილიმ მოსკოვშიც დარეკა. აშშ-ის ხელისუფლების ქმედება ამცირებს იმის შანს, რომ რუსეთმა დარტყმა გაბედოს. მაგრამ ბერლინისა და პარიზის ზანტი რეაქცია, რომლებიც კიევსა და მოსკოვს მოუწოდებდნენ პროვოკაციული ნაბიჯებისგან თავის შეკავებისკენ, საწინააღმდეგოს აკეთებს. დროა, ვაშინგტონმა ლიდერის როლი აიღოს და გამოაცხადოს ის სანქციები, რომლებიც იქნება დაწესებული უკრაინაში ვითარების ესკალაციის შემთხვევაში”, – ამბობს ხერსტი.
Atlantic Council-ის უფროსი მეცნიერი და ეკონომისტი, ანდერს ასუნდი მიიჩნევს, რომ პუტინს შეჭრისთვის ყველა საფუძველი აქვს. სექტემბერში მას ელოდება სახელმწიფო დუმაში არჩევნები, მისი საყვარელი ტაქტიკაა – “მცირე ომის მოწყობა”, რომლიდანაც ის გამარჯვებული გამოვა.
“რუსეთის პრეზიდენტი დიდი იმპროვიზატორია, რომელსაც უყვარს საერთაშორისო ასპარეზზე “დროულად” ინიციატივის გამოვლენა. ახლა მისთვის საუკეთესო მომენტია, რადგან ბაიდენის ინაუგურაციიდან ცოტა დროა გასული და საკვანძო პოსტები სრულად შევსებული არ არის”, – თქვა მან.
ამასთან, ბრიტანელ და კანადელ პოლიტოლოგს, ისტორიკოს ტარას კუზკოს არ სჯერა, რომ რუსეთი გაბედავს ფართომასშტაბიან შეჭრას, რადგან აღნიშნული ხანგრძლივ ომს გამოიწვევს და რუსულ ჯარს საბოლოოდ გაანადგურებს.
“მაღალი ალბათობით, ვლადიმერ პუტინი შეეცდება, ისეთივე მახე გაიმეოროს, როგორიც მან 2008 წელს მიხეილ სააკაშვილისთვის შექმნა, როდესაც სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული პროვოკაციები სეპარატისტულ რეგიონში ქართული ჯარის ინტერვენციით დასრულდა. აღნიშნულმა კი რუსეთს მისცა გამართლების შესაძლებლობა სამხედრო შეჭრისთვის “საკუთარი მოქალაქეების დასაცავად” და სააკაშვილის დასამცირებლად”,- ამბობს ექსპერტი.
მისი აზრით, რუსეთი მოხარული იქნება, თუ მსგავს რამეს გააკეთებს უკრაინის შემთხვევაში.
“როგორც საქართველოში, კრემლმა ათასობით რუსული პასპორტი დაურიგა უკრაინის აღმოსავლეთ რაიონებში, ოკუპირებულ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში კი კრემლის დაქვემდებარებაში მყოფი მედიასაშუალებები კიევს შეჭრის მომზადებაში ადანაშაულებენ. მაგრამ არსებობს რამდენიმე საკვანძო სხვაობა საქართველოსა და უკრაინას შორის, რომელიც ასეთი ტაქტიკის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. უკრაინა საქართველოზე ბევრად დიდია.შეჭრისა და ოკუპაციისთვის რუსული ჯარის ნახევარი იქნება საჭირო, რომელიც ასევე წააწყდება სერიოზულ წინააღმდეგობას უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და პარტიზანული ოპერაციების მხრიდან. მოსკოვი უკვე ვეღარ უარყოფს, რომ ის მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის. ადამიანური რესურსის, ფულადი და საერთაშორისო იზოლაციის ფასი კი რუსეთისთვის კატასტროფული იქნება”, – ამბობს ექსპერტი.