ბექა ოდიშარია თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობაზე და საქართველოში დამატებითი თურქული ინვესტიციების მოზიდვის საკითხებზე. „დღეს შევხვდი საქართველოს დიდ მეგობარს, თურქეთის ელჩს, ქალბატონ ფატმა ჯერენ იაზგანს. მას გავაცანი ჩემი გეგმები იმ აქტივობებთან დაკავშირებით, რისი განხორციელებაც საქართველოსა და თურქეთის პარლამენტებს შორის არსებული მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში გვსურს, მიუხედავად პანდემიისა. ამ მიმართულებით ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიურები”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბექა ოდიშარიამ. მისივე თქმით, ელჩთან ერთად დაიგეგმა პირველი შეხვედრა, სადაც მეგობრობის ჯგუფის წევრები შეხვდებიან ყველა მსხვილ თურქ ინვესტორს, ვინც დღეს ქართულ ბაზარზე არიან იმისთვის, რომ მოხდეს, მათ შორის, ამ ინვესტორთა წრის გაფართოება. „თურქული ინვესტიციები ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. სწორედ, ამ მიმართულებაში მე ვხედავ ძალიან დიდ პერსპექტივას იმიტომ, რომ თურქეთი ერთ-ერთი რეგიონული ლიდერია, მათ შორის, თავისი ეკონომიკითაც და ამავე დროს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ვაპირეთ დავგეგმოთ ჩვენი პარლამენტარების სტამბულში ვიზიტი”, – აღნიშნა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები