1-ელ აპრილს სასტუმრო „რუმსთან“ აქცია იგეგმება

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მოქალაქეებს მოუწოდებს, 11:00 საათიდან აქციას შეუერთდნენ სასტუმრო „რუმსთან“, სადაც ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფება.

როგორც ხოშტარიამ განაცხადა, აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში სასტუმროსთან დარჩებიან.

„ჩვენ აქ ვიქნებით. ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, ხვალ 11:00 საათზე შევიკრიბოთ აქ „სტამბის“ წინ. თუ მთავრობა უქმნის კომფორტს ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფელებს, ჩვენ ამის საშუალება მათ არ მივცეთ.

მანამდე მოვუწოდებ ხელისუფლებას, მორიგ ჯერზე ნუ მიაყენებენ მოქალაქეებს შეურაცხყოფას. ნუ ცდიან მოთმინებას და როგორც მოითხოვს ჩვენი ქვეყნის კანონი, ღირსება, ისტორია, გაამგზავრონ აქედან ეს არასასურველი სტუმარი“,- განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „რუმსთან“, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფება, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები აქციას მართავენ. ისინი პოზნერისა და მისი სტუმრების მიერ საქართველოს დატოვებას მოითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები