გერმანია AstraZeneca-ს ვაქცინით 60 წლამდე პირთა აცრას აჩერებს

გერმანია დღეიდან AstraZeneca-ს ვაქცინით 60 წლამდე პირთა აცრას აჩერებს.

ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა გვიან ღამით გამართული შეხვედრის შედეგად განაცხადეს.

მანამდე, ასეთი რეკომენდაციით გამოვიდა გერმანიის ვაქცინაციის კომიტეტი – STIKO.

გერმანიის სამედიცინო რეგულატორში, პაულ ერლიხის ინსტიტუტში განაცხადეს, რომ ამ დრომდე ქვეყანაში თრომბოზის წარმოქმნის 31 შემთხვევაა დაფიქსირებული, 9 ადამიანი გარდაიცვალა.

ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტების იგნორირება დაუშვებელია.

30 მარტს ბერლინის ორმა კლინიკამ Charite-მ და Vivantes-მა 55 წლამდე სამედიცინო პერსონალი ქალების აცრაზე უარი თქვა. როგორც სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა განაცხადეს, გადაწყვეტილება ქალებში აცრის შემდეგ თრომბის წარმოქმნის ახალ ცნობებს უკავშირდება. თუმცა, აღინიშნა ისიც, რომ, მაგალითად, “შარიტე”-ს კლინიკის 16 ათასი თანამშრომელია აცრილი და ამ დრომდე არცერთი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. გადაწყვეტილება კი უსაფრთხოების ზომას უკავშირდება.

მოგვიანებით  60 წლამდე ქალების აცრაზე უარი ბერლინის მთავრობამც თქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები