ბერლინმა AstraZeneca-ს ვაქცინით 60 წლამდე ქალების აცრა შეაჩერა

ბერლინში AstraZeneca-ს ვაქცინით 60 წლამდე ქალების აცრა შეაჩერეს. ამის შესახებ ბერლინის ჯანდაცვის საკითხთა სენატორმა, დილეკ კალაიჩიმ განაცხადა.

მანამდე, 55 წლამდე სამედიცინო პერსონალი ქალების აცრაზე უარი ბერლინის კლინიკებმა – Charite-მ და Vivantes-მა თქვეს. როგორც სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა განაცხადეს, გადაწყვეტილება ქალებში აცრის შემდეგ თრომბის წარმოქმნის ახალ ცნობებს უკავშირდება. თუმცა, აღინიშნა ისიც, რომ, მაგალითად, “შარიტე”-ს კლინიკის 16 ათასი თანამშრომელია აცრილი და ამ დრომდე არცერთი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. გადაწყვეტილება კი უსაფრთხოების ზომას უკავშირდება.

გერმანიის სამედიცინო რეგულატორში, პაულ ერლიხის ინსტიტუტში განაცხადეს, რომ ამ დრომდე ქვეყანაში თრომბოზის წარმოქმნის 31 შემთხვევაა დაფიქსირებული, 9 ადამიანი გარდაიცვალა.

აღინიშნება, რომ 31 ადამიანიდან 29 ქალია, მათი ასაკი 20-დან 63 წლამდე მერყეობს, მამაკაცების კი – 36-დან 57-მდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები