მეწყრული ზონის გასამაგრებლად, კაკლების დასახლებასთან დამცავი კედელი ეწყობა

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული ზონის გასამაგრებლად დამცავი კედელი ეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა, ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ადგილზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

“ბაგები-წყნეთის მონაკვეთზე დღეს დილით მიწის გარკვეული მასა ჩამოიშალა. შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესის დაგეგმვა. სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. გეგმა არის შემდეგი, რომ ჩამოშლილი მიწის მასის გატანა მოხდეს და ადგილზე სპეციალური კედელი მოეწყოს, ვინაიდან მომავალში, უშუალოდ ამ მონაკვეთზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მაქსიმალური გარანტია გვქონდეს.

ეს კედელი კეთდება იმისთვის, რომ მიწის მასის ჩამოშლის შემთხვევაში, გზაზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს. როგორც ვიცით, არა მარტო ამ ადგილზე, არამედ მიმდებარე ფერდებზე, კონკრეტულად, ბაგები-წყნეთის მონაკვეთზე პერიოდულად ხასიათდება მიწის ჩამოშლა. დედაქალაქის მერიას მიმდებარე ფერდთან დაკავშირებით დეტალური პროექტები გამზადებული გვაქვს და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მეორე რიგის სამუშაოს, რომელიც მასშტაბიდან გამომდინარე, გაცილებით უფრო დიდი იქნება, თუმცა ამ სამუშაოების დაწყებამდე აქ არანაირი საფრთხე არ არსებობს”, – განაცხადა ბენდელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები