ზაზა ლომინაძე სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრმა – ზაზა ლომინაძემ სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან ონლაინ-შეხვედრა გამართა.

შეხვედრა სტუდენტური პარლამენტის ზურაბ ბერიკაშვილის ადმინისტრაციის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით შედგა და მასში ამავე ადმინისტრაციის სხვადასხვა კომიტეტის წევრებიც – სულ 200-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. როგორც სტუდენტური პარლამენტის ერთ-ერთი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზურაბ ბერიკაშვილმა განაცხადა, ახალგაზრდების მხრიდან დიდი იყო ინტერესი პარლამენტის წევრ ზაზა ლომინაძესთან, პროფესიით მედიკოსსა და გამოცდილ სპეციალისტთან შეხვედრისა კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანაში და, ზოგადად, მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო.

მათი კითხვების უმრავლესობაც, ბუნებრივია, ამ საკითხს ეხებოდა. შეხვედრა, ძირითადად, დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა, ახალგაზრდები ასევე დაინტერესდნენ საპარლამენტო საქმიანობით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციით. „ახალგაზრდებთან სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ. მთავარი დაინტერესება მაინც იყო კოვიდ ინფექციასთან, კარანტინის დროებთან დაკავშირებით როგორი იქნება პერსპექტივა, როგორია აცრის შემდგომი მდგომარეობა, ბევრი და მრავალმნიშვნელოვანი შეკითხვები დასვეს ახალგაზრდებმა. გარდა ამისა საუბარი იყო საპარლამენტო მუშაობაზე, იმაზე თუ რას აკეთებს დღეს საქართველოს პარლამენტი, რას აკეთებენ ახალგაზრდები თავის მხრივ და როგორი უნდა იყოს ახალგაზრდების და დღევანდელი პარლამენტის წევრების თანამშრომლობა საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის და მომავლისთვის. სტუდენტებს მცირე პრეზენტაციაც წარვუდგინე – ჩემი ხედვა ახალგაზრდების დღევანდელობასა და იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და იყვნენ წარმატებულები მომავალში. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ისე ჩვენთვისაც – პარლამენტარებისთვის და, ზოგადად, ჩვენი სახელმწიფოსთვის”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ზაზა ლომინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები