რა ცვლილებები შევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესებში – ანრი ოხანაშვილის განმარტება
რა ცვლილებები შევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესებში. ამის შესახებ განმარტება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიამ 2020 წლის 8 ოქტომბერს შეიმუშავა საბოლოო რეკომენდაციები, რომელთა შესრულების მიზნითაც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები დაინიცირდა.
„ქართული ოცნების“ გუნდი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით 2013 წლიდან მოყოლებული ახორციელებს სასამართლო სისტემის თანმიმდევრულ რეფორმირებას. ამ რეფორმების შედეგად, ქართულ სასამართლო სისტემას აქვს შთამბეჭდავი წარმატება, რაც აღიარებულია მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამასთანავე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზების დახვეწა და სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ გუნდმა, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, 2019 წელს განახორციელა საკანონმდებლო ცვლილება, რამაც უზრუნველყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და არჩევის უპრეცედენტოდ ღიად და გამჭვირვალედ, ხანგრძლივი პროცედურებით წარმართვა.
ამასთანავე, ჩვენ ვითანამშრომლეთ ვენეციის კომისიასთან პროცედურების შემდგომ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიამ 2020 წლის 8 ოქტომბერს შეიმუშავა საბოლოო რეკომენდაციები, რომელთა შესრულების მიზნითაც დავაინიცირეთ ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში. ჩვენი გუნდის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, დამატებით, შემდეგნაირად დარეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხები:
გაუქმდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია კენჭისყრის წესი და კენჭისყრები იქნება ღია. შესაბამისად, საზოგადოებისათვის ცნობილი იქნება ინფორმაცია საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისა და კენჭისყრაში ხმის მიცემის შესახებ;
საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევას და პარლამენტისათვის წარდგენას საფუძვლად დაედება კანდიდატების შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულები, რაც ნიშნავს ე.წ. სარეიტინგო სიის ფორმირებას. ამის შედეგად, საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტს ასარჩევად წარედგინება მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები;
ასევე გათვალისწინებულია საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, საბჭოს წევრი დაუჭერს თუ არა კანდიდატს მხარს;
გათვალისწინებულია კანდიდატის მიერ გასაჩივრების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ხელახალი გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობა.
ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ სასამართლოს რეფორმირება მეტი გამჭვირვალეობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კიდევ უფრო გაზრდის მიზნით“, – განაცხადა ოხანაშვილმა.