ანა ბუჩუკური: პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი სწორად იქნას აღსრულებული
ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები საგანმანათლებო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის უფროსს, გეკა გელაძეს შეხვდნენ. როგორც ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, შეხვედრის ძირითადი თემა იყო ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებების აღსრულების საჭიროება, რომელიც სისტემურ, ერთიან და მდგრად მიდგომას საჭიროებს.
”საბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რა თქმა უნდა, არის ბავშვის მიმართ ძალადობა და, ზოგადად, ბავშვთა შორის ძალადობა. ახლა კრიტიკულად და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი სწორად იქნას აღსრულებული, ვიცოდეთ, რას ველოდებით კოდექსის აღსრულების შედეგად და რა გვინდა, რომ მივიღოთ. ჩვენ ვხვდებით ინტენსიურად ცალკეულ უწყებებს, მუნიციპალიტეტებთანაც გვაქვს შეხვედრები, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად (განსაკუთრებით გვეხმარება გაეროს ბავშვთა ფონდი Unicef-ი) მივიღოთ რეალური, ხარისხიანი და ეფექტიანი შედეგები”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.