დავით ზალკალიანი: საერთაშორისო თანამეგობრობისთვის აშკარაა ხელისუფლების მიერ შეთავაზებული კომპრომისები, ამ დროს კი ოპოზიციის მხრიდან გვესმის, რომ მათი კომპრომისი დიალოგში მონაწილეობაა

“ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული რეკომენდაციები უკვე გათვალისწინებულია პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტში, უფრო მეტიც, დაწყებულია საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევის პროცესიც”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის აშკარაა ხელისუფლების მიერ შეთავაზებული კომპრომისები, ამ დროს კი ოპოზიციის მხრიდან ისმის, რომ მათი კომპრომისი დიალოგში მონაწილეობაა.

„ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. მე თავიდანვე ვთქვი, რომ ეს არ დასრულდებოდა პირველივე შეხვედრის დროს, ვინაიდან კომპლექსური და რთული საკითხები იყო განსახილველი, რაც მოითხოვს არა წინაპირობებითა და დათქმებით მისვლას, არამედ – კომპრომისების ძიებას. მგონია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იხილეს ჩვენი პოზიცია. ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული რეკომენდაციები უკვე გათვალისწინებულია პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტში. უფრო მეტიც, დაწყებულია საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევის პროცესიც. ბრიუსელში ასოცირების საბჭოს სხდომაზე გამოვთქვით მზაობა, გავაგრძელოთ სასამართლო რეფორმა. ასევე, ჩვენ მზად ვართ, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შევისწავლოთ არჩევნებზე დაკავშირებული ხარვეზები და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1%-იანი გადახრა დაფიქსირდება. პოლიტპატიმრების საკითხი, როგორც ასეთი, არ დგას. იქ არის საუბარი ნიკა მელიას დაკავებაზე და ამასთან დაკავშირებითაც არაერთხელ დადასტურდა მზაობა, რომ ის გირაოს გადახდისთანავე გათავისუფლდეს. ასე რომ, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის აშკარაა ხელისუფლების მიერ შეთავაზებული კომპრომისები, ამ დროს კი ოპოზიციის მხრიდან გვესმის, რომ მათი კომპრომისი დიალოგში მონაწილეობაა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები