ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც რუსეთიც არის ნახსენები

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელიც ოთხ პუნქტს შეიცავს.

განცხადება ნატო-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

მინისტრები აცხადებენ, რომ ალიანსის წევრ ქვეყნებს აკავშირებთ საერთო ღირებულებები, კოლექტიური თავდაცვის საფუძველი კი რჩება ის, რომ ერთი მოკავშირის წინააღმდეგ თავდასხმა ჩაითვლება თავდასხმად ყველას წინააღმდეგ.

ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ალიანსი გააგრძელებს ადაპტირებას მზარდი საფრთხეებისა და სისტემური კონკურენციის პირობებში. ხაზგასმულია, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები წარმოადგენს საფრთხეს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

“ჩვენ გვაკავშირებს საერთო დემოკრატიული ღირებულებები და გაერო-ს ქარტიის მიზნებისა და პრინციპების დაცვა. ნატო ჩვენი კოლექტიური თავდაცვის საფუძველია: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, რომ ერთი მოკავშირის წინააღმდეგ თავდასხმა ჩაითვლება თავდასხმად ყველას წინააღმდეგ, რასაც მე-5 მუხლი ითვალისწინებს.

ნატო არის ყველაზე ძლიერი ალიანსი ისტორიაში, რომელიც უზრუნველყოფს მილიარდი ადამიანის თავისუფლებას, ჩვენი ტერიტორიების მთლიანობასა და ჩვენი ღირებულებების დაცვას. ნატო თავდაცვითი ალიანსია და არცერთ ქვეყანას არ ემუქრება. უფრო საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს საპასუხოდ, ჩვენ მნიშვნელოვნად ვაძლიერებთ ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვისუნარიანობას, პოზიციებსა და მდგრადობას, რასაც ხელს უწყობს შვიდი წლის განმავლობაში თავდაცვითი ხარჯების ზრდა, უფრო მეტად უნარიანი და მზადმყოფი ძალები, მისიებისა და ოპერაციების მნიშვნელოვანი განვითარება და პარტნიორებთან უფრო ღრმა ჩართულობა. წინსვლა გვაქვს ტრანსატლანტიკური ტვირთის სამართლიანი განაწილების საქმეში. მივესალმებით ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ყველა მოკავშირეს, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს უსაფრთხოებას. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და გავაკეთებთ.

ნატო გააგრძელებს ადაპტირებას მზარდი საფრთხეებისა და სისტემური კონკურენციის პირობებში. რუსეთის აგრესიული ქმედებები წარმოადგენს საფრთხეს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის; ნებისმიერ ფორმისა და გამოვლინების ტერორიზმი რჩება მუდმივი საფრთხე ყველა ჩვენგანისთვის. ავტორიტარული ხელისუფლებები და არასახელმწიფო აქტორები გამოწვევის წინაშე აყენებენ წესებზე დამყარებულ საერთაშორისო დღის წესრიგს, მათ შორის ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეებით, ახალი ტექნოლოგიების მავნებლური გამოყენებით და სხვა ასიმეტრიული საფრთხეებით. „კოვიდ-19“-ის პანდემია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ მუდმივად განვითარებადი გამოწვევების წინაშე ვდგავართ; ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი თავდაცვისა და ოპერაციული ეფექტიანობის უზრუნველყოფას ამ კრიზისის განმავლობაში. პატივს მივაგებთ ყველას, ვინც ამ პანდემიას ებრძვის ჩვენს ქვეყნებსა და მთელს მსოფლიოში.

ტრანსატლანტიკური პარტნიორობა რჩება კოლექტიური თავდაცვის ქვაკუთხედი, ჩვენი პოლიტიკური ერთიანობის მთავარი და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელოვანი საყრდენი. ნატო-ს მომავალი სამიტი გახსნის ახალ თავს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში და დასახავს 2030 წლის და შემდგომი პერიოდის მიმართულებას. ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ნატო-ს მდგრადობას, სამხედრო ძალასა და გლობალურ პერსპექტივას, უფრო მჭიდრო კავშირს სხვა ერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს მიზნებს. ჩვენ გავაგრძელებთ ერთად დგომასა და ერთად მუშაობას ჩვენი უსაფრთხოების, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და თავისუფლებების გარანტიისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები