თეა ახვლედიანი: ვაგრძელებთ ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებთან ბრძოლას

“ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებთან ბრძოლას ვაგრძელებთ”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ამ დრომდე განიცდის საკუთარი ფუნდამენტური უფლებების უხეშ და სისტემატიურ დარღვევას.

„მიზანმიმართულად შეზღუდული აქვთ იმგვარი უფლებებით სარგებლობა, რაც ხელმისაწვდომია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვის. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ამ დრომდე განიცდის საკუთარი ფუნდამენტური უფლებების უხეშ და სისტემატიურ დარღვევას, რაც მოიცავს გადაადგილების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვას, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფას, უკანონო პატიმრობას. მძიმე უფლებრივ მდგომარეობას ემატება ადგილზე არსებული ჰუმანიტარული ვითარება, რამაც ახალგორის მიმართულებით, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი ჩაკეტვის გამო, ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. მოგეხსენებათ, რომ სოხუმსა და ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 5 მოქალაქე, ხოლო გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის მკვლელობაში ბრალდებული პირები ამ დრომდე დაუსჯელნი რჩებიან. მიუხედავად 100 კმ მავთულხლართისა, რომელიც ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არის გავლებული, ჩვენ არ შევეგუებით არსებულ ვითარებას. საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით და ერთობლივი გაორმაგებული ძალისხმევით, მათ შორის ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, ჩვენ ვაგრძელებთ ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებთან ბრძოლას პრინციპული, თუმცა, პრაგმატული და ცალსახად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკით“, – განაცხადა ახვლედიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები