შალვა პაპუაშვილი: მოსახლეობა დაღლილია იმ პარტიული კინკლაობით, რომლითაც დაკავებულნი არიან ჩვენი ოპონენტები

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, შალვა პაპუაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებს აფასებს.

მისი თქმით, მოსახლეობა დაღლილია იმ პარტიული კინკლაობით, რომლითაც დაკავებულნი არიან ოპონენტები.

“რაც შეეხება მოქალაქეების ნდობას პარლამენტის მიმართ, ამას უნდა შევხედოთ გრძელვადიან ჭრილში. მე რამდენადაც მოვასწარი გაცნობა, გრძელვადიანად თუ შევხედავთ, საქართველოს პარლამენტის მიმართ დღევანდელი ნდობა, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია, თუ სწორედ მახსოვს. ამიტომ, ამ ჭრილში ვუყურებ ამ საკითხს და ეს პოზიტიური დინამიკაა, ერთი მხრივ. რაც შეეხება ამ კვლევას, სამწუხაროდ, მასში არ აისახა ის საკითხი, რაც წინა კვლევის დროს ყველაზე დიდი ინტერესის სფერო იყო, კერძოდ, პარლამენტში შესვლის თემაზე კითხვა, როგორც ჩანს, ამ გამოკითხვის დროს არ დასმულა.

რაც შეეხება პარტიების მიმართ განწყობას, ეს მიუთითებს იმაზე და აჩვენებს იმას, რომ ჩვენი მოსახლეობა დაღლილია იმ პარტიული კინკლაობით, რომლითაც დაკავებულნი არიან ჩვენი ოპონენტები. მათ სურთ, რომ პარტიები, მათ შორის, პარლამენტში თანამშრომლობდნენ იმისთვის, რომ გადაწყდეს რეალური პრობლემები და არა ის გამოგონილი საკითხები, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ასახელებენ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 14% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38% საშუალოდ, 36 % კი ცუდად.

ამასთან, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს, გამოკითხულთა 23 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, გამოკითხულთა 7 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები