მიხეილ სარჯველაძე: დანიელსონი საქართველოში ჩამობრძანდება და გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ ვცადოთ მოლაპარაკება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ჩამოსვლით კვლავ იქნება შესაძლებლობა, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესი განახლდეს.
მისივე თქმით, ოპოზიციისგან მხოლოდ ულტიმატუმები ისმის.
„დანიელსონი საქართველოში ჩამობრძანდება და გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ ვცადოთ მოლაპარაკება, რისი სრული მზადყოფნაც ხელისუფლებას ჰქონდა. ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს არა პრინციპული საკითხების დაყენებას, არამედ – ულტიმატუმებს, რითაც ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან მოვიდნენ. მოლაპარაკება დასრულდა თუ არა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ამაზე თავად გააკეთეს განცხადება, რომ მათ მიერ დაყენებული საკითხების მიღმა არაფერზე მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა – იყო ულტიმატუმი, რომ თუ მათი ორი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, არანაირ ვარიაციას არ განიხილავდნენ. ის, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა თავად ხელისუფლების მხრიდან, ნიშნავს იმას, რომ დეტალები უნდა მოვყვეთ, რაზეც ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა.