წყალმომარაგების კომპანიამ წყლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქმიანობის ანგარიში წარადგინა და დარგის თანამშრომლები დააჯილდოვა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ დონორ ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს კომპანიის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მოადგილეებსა და პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარე, სოზარ სუბართან ერთად წყალმომარაგების სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისთვის დარგის სპეციალისტები დააჯილდოვა და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს რეგიონებში, დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარადჭერით, სასმელი წყლისა და წყალარინების სისტემების მოსაწესრიგებლად მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.

2012-2020 წლებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 1 მილიარდ 457 მილიონი ლარი გამოიყო და 48 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 750-ზე მეტი პროექტი განხორციელდა.

პანდემიის მიუხედავად, წყალმომარაგების კომპანიამ 2020 წელი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი შედეგებით დაასრულა. განხორციელდა და დასრულდა 443 მილიონი ლარის 37 საინვესტიციო პროექტი. მათ შორის: ქუთაისის, ჭიათურისა და ზუგდიდის სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა, ზუგდიდის წყალარინების ქსელების მშენებლობა და ურეკის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.

2020 წელს მნიშვნელოვანი წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტები დაიწყო ტურისტულ დასახლებებში: მათ შორის, ბაკურიანში, გუდაურში, აბასთუმანში, წყალტუბოსა და ბახმაროში. 2021 წელს რეგიონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის პროექტებში 349 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 150 დასახლებაში მიმდინარე პროექტების დასრულების შედეგად, დამატებით 360 ათას ადამიანს ექნება გაუმჯობესებული წყალმომარაგება, მათ შორის 220 ათასი ადამიანი პირველად ისარგებლებს ცენტრალური წყალმომარაგების ქსელით.

2021-2025 წლებში წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების საინვესტიციო პროექტებში 2.5 მლრდ ლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები