“მოძრაობა ავტორიტარიზმისკენ” – ბრიტანეთში პოლიციის ახალი კანონის საწინააღმდეგო აქციაზე არეულობა მოხდა

ინგლისის დასავლეთ ნაწილში, საპორტო ქალაქ ბრისტოლში პოლიციის ახალი კანონის საწინააღმდეგო აქცია ძალოვნებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა.

DPA-ის ინფორმაციით, შეტაკება ქალაქის ცენტრში, პოლიციის შენობასთან მოხდა.

ბრისტოლის პოლიციის ინფორმაციის, არეულობის შედეგად დამწვარია სულ მცირე ორი საპოლიციო ავტომობილი, დაჭრილია პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი, სულ მცირე ორს მოტეხილობები აღენიშნება.

მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტებმა პოლიციის შენობაში შეჭრა ვერ შეძლეს, შეკრებილებმა ფასადი დააზიანეს. სიტუაციის გაკონტროლებისთვის პოლიციას მოუწია დამატებითი ძალების გამოძახება.

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრიტი პატელმა ბრისტოლის მოვლენებს “მიუღებელი სცენები” უწოდა.

”ვანდალიზმი და უმცირესობის მიერ გამოწვეულ განუკითხაობას ვერასდროს შევეგუებით”, – დაწერა მან Twitter- ის საკუთარ გვერდზე.

ბრიტანეთის პოლიციის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს ძალოვანების უფლებამოსილების მნიშვნელოვან გაზრდას. სხვა საკითხებთან ერთად, პოლიციას უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, შეზღუდოს მშვიდობიანი დემონსტრაციები.

ოპოზიცია ახალ კანონს ასე უწოდებს – “მოძრაობა ავტორიტარიზმისკენ”.

ახალი კანონი ძეგლების დაზიანებისთვის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ზაფხულში ბრისტოლში ანტირასისტული აქციის მონაწილეებმა წყალში გადააგდეს მეწარმისა და მონებით მოვაჭრის, ედვარდ კოლსტონის ძეგლი.

პოლიციის გაკრიტიკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ძალოვანებმა ლონდონში ქალის მკვლელობის შემდეგ გამართულ არასანქცირებულ აქციაზე ცეცხლი გახსნეს.

13 მარტს ლონდონის პარკ Clapham Common- ში, სავარაუდოდ, პოლიციის მიერ მოკლული სარა ევერარის ხსოვნის პატივსაცემად ქალები შეიკრიბნენ. პოლიციამ ქალების დასაშლელად გამოიყენა ძალა იმ მოტივით, რომ მათ კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები დაარღვიეს. პანდემიის გამო აქცია აიკრძალა, მაგრამ რამდენიმე ასეული ადამიანი პარკში მაინც შეიკრიბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები