მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ მოგვიწევს ძალიან აქტიურად მუშაობა, რათა ვიპოვოთ სხვა გზები დიალოგის გასაგრძელებლად
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის მიზანი მოლაპარაკების პროცესში შედეგის მიღწევა არ ყოფილა.
მისივე თქმით, ხელისუფლება იმუშავებს აქტიურად, რათა იპოვონ სხვა გზები იმისთვის, რომ დიალოგის გაგრძელება მოხერხდეს.
„მართლაც სამწუხაროა, რომ ის ნაბიჯები „ეფექტიანი“ აღმოჩნდა ოპოზიციის მხრიდან, რომლებსაც იმთავითვე მიზნად ჰქონდათ დასახული, რომ მხოლოდ ეთამაშათ ვითომ მონდომებული ხალხის როლი, რომ მოლაპარაკება შედეგიანი ყოფილიყო, სინამდვილეში ფასადს მიღმა, ყველამ დავინახეთ, რა იყო ამის განწყობა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთადერთი კომპრომისი, რაზეც მზად იყო ოპოზიციის მთავარი ბირთვი, იყო ის, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, უბრალოდ შთაბეჭდილების შესაქმნელად, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს. ხელისუფლებას, ჩვენ მოგვიწევს ძალიან აქტიურად მუშაობა, რომ ვიპოვოთ სხვა გზები, რათა რეალურად მოვახერხოთ დიალოგის გაგრძელება, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ დიალოგისთვის ასპარეზი ყოველთვის რჩებოდეს. ვფიქრობ, რომ ასეთი გზები აუცილებლად გამოინახება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.