ევროპის ქვეყნებმა “ასტრაზენეკა”-თი მოქალაქეების აცრა განაახლეს

18 მარტს ევროპის წამლების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ, რომლის თანახმად “ასტრაზენეკა”-ს ვაქცინა უსაფრთო და ეფექტიანია, ევროპის ქვეყნებმა “ასტრაზენეკა”-თი მოსახლეობის აცრა განაახლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი” ავრცელებს.

იტალიამ “ასტრაზენეკა”-ს ვაქცინით მოსახლეობის აცრა 19 მარტიდან განაახლა.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანმის განცხადებით, “ასტრაზენეკა”-თი ვაქცინაციას გერმანიაც 19 მარტს განაახლებს.

„ჩვენი მიზანია, 19 მარტს, დღის განმავლობაში “ასტრაზენეკა”-ს ვაქცინით აცრა დავიწყოთ”, – აღნიშნა იენს შპანმა.

აგრეთვე, “ასტრაზენეკა”-თი ვაქცინაცია განახლდა კვიპროსში, ლატვიასა და ლიეტუვაშიც. მას შემდეგ, რაც ევროპის წამლის სააგენტომ ხსენებულ ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო, “ასტრაზენეკა”-თი მოსახლეობის აცრის გაგრძელებას ესპანეთიც გეგმავს. ესპანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის საბჭოს გადაწყვეტილებით, ესპანეთში მისი გამოყენება 24 მარტიდან განახლდება. ასევე, შემდეგი კვირიდან იგეგმება “ასტრაზენეკა”-ს ვაქცინით მოქალაქეების აცრა ნიდერლანდებში. ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრის უგო დე იონგეს განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ ევროპის წამლების სააგენტომ ასტრაზენეკას ვაქცინა უსაფრთხოდ დაასახელა, ნიდერლანდებში “ასტრაზენეკა”-ს გამოყენება მომავალი კვირიდან გაგრძელდება.

ჩეხეთი მოქალაქეების აღნიშნული ვაქცინით ვაქცინაციას 21 მარტიდან განაახლებს. “ასტრაზენეკა”-თი ვაქცინაციის გაგრძელებას ეთანხმება პორტუგალიაც – ქვეყანაში მოქალაქეების აცრა 22 მარტიდან განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები